ოხანაშვილი ბათიაშვილის საქმეზე: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა

“სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა და სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტებთან საუბრისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოში ყოველთვის ქვეყნის ინტერესს იცავს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, სადაც არ არსებობს საფუძველი, როგორ შეიძლება დაიცვა პოზიციები, მაშინ, როდესაც ირაკლი ბათიაშვილის მიმართ მთელი რიგი უკანონო ქმედებები განხორციელდა. სტრასბურგის გადაწყვეტილება არის სააკაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი, სადაც სტრასბურგმა კიდევ ერთხელ სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა, შეაფასა, რომ მისი რეჟიმის დროს იყო განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხარეს წარმოვადგენდით, ვიცავდით ქვეყნის ინტერესებს და პოზიციას. სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვემორჩილებით, აღვასრულებთ და სახელმწიფოს რაც დაეკისრა ვუზრუნველყოფთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის: 2019 წლის 10 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი) და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად