ოხანაშვილი And Then We Danced-ზე: როგორც კი ვინმე ეცდება, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება

“ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ, თუმცა, როგორც კი ვინმე ეცდება, კანონის ფარგლებიდან გავიდეს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება”.

ამის შესახებ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაგეგმილ პრემიერასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით,  ვერ შეაფასებს რომელიმე კონკრეტული პირის განცხადებებს სამართლებრივად, რადგან ქვეყანაში სამართლებრივ რეაგირებას კონკრეტული საგამოძიებო ორგანო ახორციელებს.

„კონკრეტული პირის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ არა ეს კონკრეტული კომენტარი რაიმე სახის სამართლებრივ რეაგირებას, წყვეტს კონკრეტული საგამოძიებო ორგანო. პოლიტიკური შეფასება, რომ გავაკეთო სწორი არ იქნება. თუ კი ვინმე გაბედავს და კანონის ფარგლებს მიღმა გავა, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი უწყება მოახდენს ამაზე სამართლებრივ რეაგირებას. მუქარის ენით საუბარს, რა თქმა უნდა, არავინ დატოვებს რეაგირების მიღმა. თუ კი ეს იქნება გამოხატული კანონდარღვევაში, იქნება კანონის შესაბამისად ჩარევა და რეაგირება. აქედან გამომდინარე, შეფასება, კონკრეტული პირის კომენტარი ექვემდებარება თუ არა რაიმე კვალიფიკაციას, ეს კონკრეტული უწყების შეფასების საგანია. ყველა პირის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ. განუხრელად შეხედულებებისა და დამოკიდებულებისა ამა თუ საკითხისადმი. თუმცა, როგორც კი ვინმე ეცდება, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეს, ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ცნობისათვის: ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფები ამ ფილმის პრემიერის ჩაშლას აანონსებენ. ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ, სადაც განაცხადა, რომ  ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში  კი განმარტავენ, ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად