„ოჯახის ექიმების და პედიატრების შრომის ანაზღაურება შეუსაბამოდ დაბალია“

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეორგანიზების საკითხებზე სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი გიგოლაშვილი გვეესაუბრება.

მისი განცხადებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამამ დადებითად იმოქმედა მათ შორის ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობაზეც. „პროგრამის გამოისობით გაზრდილია მიმართვიანობა ამბულატორიებსა და პოლიკნინიკებში. ერთ–ერთი მთავარი დადებითი, რაც ამ პროგრამამ მოიტანა, არის ის რომ პაციენტს აქვს სამედიცინო დაწესებულების არჩევის სრული თავისუფლება. ეს პრინციპი მოქმედებს ჯანდაცვის პირველადი რგოლშიც. კარგია, რომ საყოველთაო პროგრამა სხვა პროგრამებთან ერთად ფარავს დაავადებათა პრევენციისთვის საჭირო ბევრ საკითხს, როგორიცაა, თუნდაც აცრები, როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში და გადაუდებელ შემთხვევებში ასევე მოზრდილებში. ამის აუცილებლობა კარგად წარმოაჩინა სტიქიის შემდგომ, გაწმენდითი სამუშაოებისას მოხალისეებისთვის ტეტანუსის აცრის საჭიროებამ“, – განაცხადა გიგოლაშვილმა.

მისი თქმით, საყოველთაო პროგრამას აღიარებულ ბევრ პლუსთან ერთად აქვს გარკვეული მინუსებიც. კერძოდ, გიგოლაშვილს მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როცა მოსახლეობის მიერ გაწეული სამედიცინო დანახარჯების 50%–ს მედიკამენტების ღირებულება შეადგენს, ეფექტიანი იქნება, თუკი ამ კომპონენტის ჩართვა პროგრამაში მეტი დოზით მოხდება, ისე რომ მოსახლეობამ ამ კუთხითაც იგრძნოს შვება.

საუბარში გიგოლაშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე ოჯახის ექიმის და ზოგადად პირველად რგოლში დასაქმებული ექიმების შრომის ანაზღაურების პრობლემურ საკითხზეც. „გადასაჭრელ პრობლემათაგან ერთ–ერთი უპირველესია ოჯახის ექიმის და ზოგადად პირველად რგოლში დასაქმებული ექიმების შრომის ღირსეული ანაზღაურების საკითხი. როგორც ვიცით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თითოეულ ბენეფიციარს აფინანსებს თვეში 1.93 ლარით. ამ თანხიდან რა % მიდის ექიმამდე, ეს პოლიკნინიკის და ამბულატორიის მენეჯმენტზეა დამოკიდებული. ჩემი ინფორმაციით, მათი ხელზე ასაღები თანხა 300–400 ლარს არ სცდება, ესეც საუკეთესო შემთხვევაში, თუკი ოჯახის ექიმზე ან პედიატრზე გაპიროვნებულია 1500–2000 ბენეფიციარი. განსაკუთრებით მძიმე დღეში არიან პედიატრები. მოგეხსენებათ, ბავშვთა მიმართვიანობა გაცილებით დიდი მოზრდილებთან შედარებით. მათი საკონტაქტო ტელეფონი, ფაქტობრივად, არ ჩერდება. რა თქმა უნდა, იმ შრომასთან შედარებით, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, ეს ვერ ჩაითვლება ღირსეულ ანაზღაურებად. ოჯახის ექიმების და პედიატრების შრომის ანაზღაურება შეუსაბამოდ დაბალია. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია რაიმე კონკრეტული რეცეპტის გამოწერა, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ რგოლის მუშაკთა ანაზღაურების გასაზრდელად (გარდა ზოგადი რიტორიკისა, რომ უნდა განვითარდეს ეკონომიკა და გაიზარდოს ცხოვრების დონე),  მაგრამ ფაქტია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლში მედიცინის მუშაკები მეტწილად მხოლოდ თავიანთი პროფესიული მოწოდების გამო მუშაობენ, პროფესიული ფორმის შენარჩუნებისა და განვითარებაზე ზრუნვის სტიმულატორი – მატერიალური ფაქტორი, მათთვის ძალიან მიზერულია. ვფიქრობ, დღეს ჯანდაცვის სექტორში გადასაწყვეტი ერთ–ერთი მთავარი საკითხი სწორედ ეს არის“, – განაცხადა დაზღვევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი გიგოლაშვილმა.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად