ოდიშარია: მელიას თუ უნდა, იყოს კლოუნადაში, მე სპექტაკლებში მონაწილეობისგან უნდა გავთავისუფლდე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას მიერ მისი გვარის მოხსენიებას (“კოლექტიური ოდიშარია”) კლოუნადის ნაწილად აფასებს და მიაჩნია, რომ მის სპექტაკლში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს იმ სამი სიტყვის გარდა, რაც მან ოპოზიციონერ კოლეგას, პარლამენტის პიკეტირების დროს უთხრა.

“სჯობს, კლოუნადას თავი დაანებოთ. რაღაც მიზანსცენების გათამაშებას, რა სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო ადამიანზე რომელიც მორალზე, ვაჟკაცობაზე, ადამიანის დაჭერაზე მესაუბრება მე – ადამინს, რომელსაც ცხოვრების ყველა ეტაპზე ვიყავი დაკავებული იმით რომ სხვა გამომეხსნა გასაჭირიდან. თვითონ არის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე უშიშროების გამომძიებელი, პრობაციული ბიუროს ხელმძღვანელი, აღსრულების სააგენტოს ხელმძღვანელი იყო და ყველა ეტაპზე საკუთრების და სახელმწიფოს მიტაცებით იყო დაკავებული.

მას ერთხელ უკვე გავეცი პასუხი სამი სიტყვით იმ კლოუნადის დროს, ვიდრე ის კარი დაიკეტებოდა. ის კარი რომ დაიკეტა, მან განაგრძო თავისი კორდებალეტი. კი ბატონო, ის იყოს თავის როლში და მე მიმაჩნია, რომ სპექტაკლებში მონაწილეობისგან უნდა გავთავისუფლდე” -განაცხადა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ზურაბ ადეიშვილს კი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით, მასვე ორი წლით და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად