ნუკრი ქანთარია: მმართველი გუნდის “მეორე სუნთქვა იხსნება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მმართველ გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები დროის მოთხოვნაა.

ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შეფასებისას განაცხადა.

“სულ ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები დროის მოთხოვნაა, ეს არის რეალობა, რომ მმართველ გუნდში ცვლილებები მოხდეს. ასე, რომ ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მივესალმები. ვფიქრობ, რომ “მეორე სუნთქვის გახსნა” თვეების ამბავია”, – თქვა ნუკრი ქანთარიამ.

მან უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რომ გიორგი ქობულიას მინისტრობიდან გაშვების მიზეზი უჩა მამაცაშვილთან ინტერესთა კონფლიქტი გახდა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიუხედავად, ნუკრი ქანთარია არ გამორიცხავს, რომ გიორგი ქობულიას გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

“ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი 2012 წლის შემქმნელი. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ასეთი რამეები არ ხდება”-თქვა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში არ დააკონკრეტა, არის თუ არა მოსალოდნელი სხვა საკადრო ცვლილებები მთავრობაში, თუმცა განმარტა, რომ ცვლილებები არის აუცილებელი და ვინ, როგორ, რაგვარი, ამას მომდევნო თვეები გამოაჩენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...