ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კომენტარი გააკეთა აშშ-ის ღია ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციის შესახებ.

“მთელი ამ სიტუაციის გამო ძალიან მწყდება გული. მოვიკითხე ხაზის მსაჯის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მადლობა ღმერთს, მითხრეს, რომ იგი თავს კარგად გრძნობს. ძალიან ვწუხვარ, რომ მას ასეთი სტრესი მივაყენე. ეს განზრახ არ გამიკეთებია, არასწორი საქციელი იყო. მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ, მინდა პატივი ვცე მის პრივატულობას. მინდა, რომ ეს უსიამოვნო გამოცდილება, ტურნირიდან დისკვალიფიკაცია, მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილად ვაქციო, რათა გავაგრძელო ზრდა და განვითარება როგორც სპორტსმენმა და აგრეთვე, როგორც ადამიანმა.

ბოდიშს ვუხდი ამერიკის ღია ჩემპიონატის ორგანიზატორებს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახის წევრებს ძლიერი მხარდაჭერისთვის და ასევე ჩემს გულშემატკივრებს, რადგან ისინი ყოველთვის გვერდით მიდგანან. მადლობა და ბოდიში. ეს ყველასთვის მძიმე დღე იყო”, – წერს ჯოკოვიჩი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია ჩემპიონატიდან მოხსნეს. ინციდენტი პაბლო კარენო-ბუსტასთან შეხვედრის დროს მოხდა. სერბმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში თავისი მოწოდება წააგო და გაბრაზებულმა ბურთი კორტის კედლისკენ მოისროლა. ბურთი კი შემთხვევით ხაზის მსაჯს კისერში მოხვდა. ქალი კორტზე დაეცა და ცუდად გახდა. შემდეგ ის მოედნიდან გაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...