ნორვეგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ნორვეგიაში, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ნორვეგიის ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტი იუწყება.

ინფიცირებულია ჩრდილოეთ ნორვეგიის რეგიონის მაცხოვრებელი, იგი ჩინეთიდან დაბრუნდა სამშობლოში. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას არ აღენიშნება ახალი კორონავირუსის სიმპტომები.

„ანალიზი, რომელიც მას ჩაუტარდა, გვიჩვენებს სუსტ დადებით პასუხს კორონავირუსზე, ხოლო წინა ანალიზი უარყოფითი იყო. ანალიზი კორონავირუსის კვალს გვიჩვენებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებული პირი შინ, კარანტინზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კი ადგილობრივი სამედიცინო სამსახური აკონტროლებს.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 82 164 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 801-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 3 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 2 – საფრანგეთში, 4 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 12 – იტალიაში, 13 – სამხრეთ კორეაში, 19 – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 30 109 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად