ნოდარი ხადური: “ზურაბ ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია”

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მისი უწყების მომსახურების სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახალკაციშვილს კანონი არ დაურღვევია, როდესაც მან ინტერნეტ-აუქციონით ავტომობილი შეიძინა. 

მისი თქმით, "ბატონმა ზურაბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო", როდესაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.

"ბატონ ზურაბს კანონი არ დაურღვევია. მოგეხსენებათ, რომ მომსახურების სააგენტოს გარდა ინტერნეტ-აუქციონისა, აქვს ჩვეულებრივი მაღაზიები, სადაც შესაძლებელია ადამიანი მივიდეს და შეიძინოს. ის ავტომანქანა, რომელიც ზურაბმა შეიძინა, ჩვეულებრივი ვაჭრობის შედეგად გაიყიდა. 42 ბიჯი იყო დადებული და ეს არ ყოფილა ჩაკეტილი აუქციონი. კანონი არ იყო დარღვეული, თუმცა ბატონმა ზურაბმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მან მორალური პასუხისმგებლობა აიღო",-განაცხადა ხადურმა.

ახალკაციშვილის განცხადება:

"მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, აგრეთვე სააგენტოში IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგთან დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირად მოიაზრება მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ნაწილში, ხოლო ამ კანონის სხვა ყველა დანარჩენი ნორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე არ ვრცელდება, შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში, ამავე სააგენტოს დირექტორის მონაწილეობა არ არის კანონთან შეუსაბამო.

რაც შეეხება ე.წ. IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგის საკითხს, აღნიშნული ხორციელდებოდა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და ეს პირიქით, აუცილებელია შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას, გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის გამო საზოგადოების წინაშე ვიღებ მორალურ პასუხისმგებლობას და იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს მომსახურების სააგენტოს, ზოგადად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეპუტაციას, ჩემს კოლეგებს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად