ნოდარ ხარშილაძე: ხიდაშელმა დაანახა ნატოელებს, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მზადაა

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველი დღე დასრულდა.

ფორუმის III სესიაზე უელსის სამიტიდან ვარშავის სამიტამდე ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ალიანსთან აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს.

საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სესიაში მონაწილეობდნენ GFSIS-ის უფროსი მკვლევარი ნოდარ ხარშილაძე, უკრაინის დიპლომატიური აკადემიის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი გრიგორი პერეპელიცია, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარიუს ველიჩკა, საქართველოს ელჩი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი დანიელ იონიტა. სესიას უძღვებოდა სლოვაკეთის პრეზიდენტის მრჩეველი პიტერ ბატორი.

„სესია უელსისა და მომავალ ვარშავის სამიტებს შორის არსებულ სიტუაციას შეეხებოდა. ისეთ საკითხებზე ვიმსჯელეთ, რომლებიც აქტუალური იქნება ვარშავის სამიტზე. ასევე ვისაუბრეთ „ისლამურ სახელმწიფოზე“, რუსეთის მოქმედებებზე სირიაში, რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს პოტენციალზე მიიღოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

ასევე განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება საქართველო გახდეს ნატოს წევრი. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არსებითი პაკეტის მიღებით საქართველოს უნიკალური საშუალება გაუჩნდა. თქვენი ქვეყნის მთავარი მიზანი ალიანსში გაწევრიანებაა. მე მჯერა, რომ ამ არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ყველა რეკომენდაციასა და ინსტრუმენტს სწორად შეასრულებთ და დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს,“ – განაცხადა მარიუს ველიჩკამ სესიის დასრულების შემდეგ.

ნოდარ ხარშილაძემ კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ძალიან კარგია, რომ კონფერენცია ვარშავის სამიტის წინ ტარდება. ჩამოსულები არიან მაღალი დონის სტუმრები და ძალიან ბევრი საინტერესო გზავნილი ჟღერდება, რომელიც ნატოს მოსამზადებელ სამუშაოებში იქნება გასათვალისწინებელი.

ასევე კარგია, რომ საქართველოს მხრიდან კეთდება დემონსტრირება, რომ საქართველო არა მხოლოდ კარგი პარტნიორია, არამედ საკმაოდ მაღალი შესაძლებლობები გააჩნია, მათ შორის ინტელექტუალურიც.

ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ ქართველ სპიკერებს. ყველაზე საინტერესო და წარმატებული იყო თავდაცვის მინისტრის გამოსვლა. მან კიდევ ერთხელ დაანახა ნატოელებს, რომ საქართველო მზად არის გახდეს ნატოს წევრი ყველა დონეზე.“

ფორუმი მუშაობას ხვალ განაახლებს. კონფერენციის მონაწილეები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ჰიბრიდული ომები და მისი გავლენა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებზე, სამხედრო ბალანსი და თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ცვლილებები, უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია დახურული სესია მედიის წარმომადგენლებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად