ნოდარ ხადურმა ბათუმის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით, ყაზახეთის საელჩოს მიმართა

ბათუმის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით სიტუაცია განსაკუთრებით გასულ კვირას დაიძაბა. როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, ბათუმის პორტში ახალი მენეჯმენტის მისვლის შემდეგ, გადამზიდავებს, რომლებსაც ძირითადად თხევადი ნავთობპროდუქტები გადააქვთ, პრობლემები სისტემატურად ექმნებათ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ბათუმის მიმართულებით მიმავალი 1800-ზე მეტი ნავთობროპროდუქციით დატვირთული ვაგონი შეჩერებულია. 

ნავთობპროდუქტების გადამზიდავმა კომპანიებმა აღნიშნული პრობლემით, ფინანსთა სამინისტროს გასულ თვეს მიმართეს. გადამზიდავი კომპანიები,  ეკონომიკურ საქმიანობაში არსებულ ხელის შემშლელ ფაქტორებზე საუბრობდნენ და სამინისტროს იმპორტის შემცირების პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვდნენ. როგორც ფინანსთა სამინისტროში "აიპრესს" განუცხადეს, ბათუმის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს რამდენიმე კომპანიამ მიმართა. სამინისტრომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ვითარებაში გარკვევის მიზნით, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს  გადაუგზავნა.

"შპს "ბათუმის ნავთობტერმინალთან" დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მომართა რამდენიმე კომპანიამ. სამინისტრომ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაუგზავნა ყაზახეთის საელჩოს საქართველოში და სთხოვა ვითარებაში გარკვევა" – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

საქმე ეხება, ბათუმის ნავთობტერმინაში ტვირთბრუნვის მკვეთრ შემცირებას, რომელსაც ჩვენთან საუბარში გადამზიდავი კომპანიები და სტატისტიკა ადასტურებს. აღნიშნულ პრობლემას ისინი ნავთობტერმინალის მიერ დაწესებულ ხელოვნურ შეფერხებებს უკავშირებენ. გადამზიდავი კომპანიების ნაწილი, ტერმინალს და მის ხელმძღვანელობას სასამართლოში სწორედ შეფერხებების შექმნის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. ამასთან დაკავშირებით, "აიპრესი" რამდენიმეჯერ შეეცადა "ბათუმის ნავთობტერმინალის" დირექტორთან, მალიკ დიუსემბაევთან კომენტარის მოპოვებას, თუმცა კომპანიის მხრიდან კომენტარს იმის გამო არ აკეთებდნენ, რომ მათი პოზიცია ყაზახურ მხარესთან უნდა შეთანხმებულიყო. მას შემდეგ, რაც "აიპრესმა" ბათუმის პორტში, ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვის შემცირების, სარევიზიო კომისიის შესვლისა და კომპანიის დაყადაღების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, კომპანიის დირექტორი ტელევიზიასთან ინტერვიუზე დათანხმდა, თუმცა ჟურნალისტებთან სასამართლო დავაზე არ ისაუბრა.

"ობიექტური მიზეზები არსებობს, თუ რატომ შემცირდა პროდუქციის შემოტანა. პირველ რიგში ჩვენ გვქონდა ნავთობი, ის უკვე მილებში ჩაედინება. კრიზისი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, დღემდე გრძელდება, შესაბამისად შემცირდა წარმოება და ტვირთბრუნვა. თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ, თქვენი თვალით შეგიძლიათ შეგიძლიათ დააფიქსიროთ. ნებისმიერი ოფიციალური პირის განცხადება იქნება ერთგვარი ზეწოლა სასამართლოზე, ამიტომ დაველოდოთ სასამართლოს განაჩენს",-განაცხადა მალიკ დიუსემბაევმა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ნავთობტერმინალში არსებული ვითარებით დაინტერესდა ეკონომიკის სამინისტროც. უწყებაში ამ დროისთვის მხარეებთან კონსულტაციებს გადიან. "აიპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისა და ნავთობტერმინალის მუშაობის შესახებ ინფორმაციას მკითხველს მოგვიანებით შესთავაზებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად