ნოდარ კაპანაძე: ჩვენ ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიადგება, მთავრობამ გრძელვადიან სტრატეგიაზე უნდა იმუშაოს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიადგება, რადგანაც ომპორტდამოკიდებული საქართველოსთვის ეკონომიკის ფაქტობრივი გაჩერება მძიმე დარტყმაა, ისევე როგორც ევროპიდან, რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების გაჩერება.

ამის შესახებ ექსპერტმა “აიპრესთან” ისაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მთავრობამ გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იმუშაოს და მხოლოდ სპონტანური ღონისძიებებით არ უნდა შემოიფარგლოს.

„ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიადგება ამ ფაქტობრივი გაჩერებით. მაგრამ, ეს გამომდინარეობს საგანგებო მდგომარეობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ მისი გამოცხადება აუცილებლობას წარმოადგენდა, რომელსაც ვერ გავექცეოდით. იმედია, მთავრობა მიხვდება იმას, რაც უნდა გააკეთოს – გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე უნდა იმუშაოს და არა მხოლოდ მოკლე, სპონტანური ღონისძიებებით.

ის, რომ იმპორტდამოკიდებული საქართველოსთვის პრაქტიკულად ეკონომიკის გაჩერება საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება, ეს ცხადია, ასევე ის, რომ ევროპა, რუსეთი და სხვა ქვეყნები ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წყაროა და შემოსულობები გაჩერდება, რაც ძალიან დიდი დარტყმა იქნება ეკონომიკაზე. ამიტომ, მთავრობამ უნდა იმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც ძირითადად ადგილობრივი რესურსების ოპტიმალურ გამოყენებაზე იქნება მიმართული“, – ამბობს ექსპერტი.

კითხვაზე, მოკლევადიან სტრატეგიასთან ერთად უნდა იმუშაოს მთავრობამ გრძელვადიან სტრატეგიაზე თუ მხოლოდ გრძელვადიანი სტრატეგიაა საჭირო? – პასუხობს:

„გრძელვადიანზე უნდა იფიქროს და გრძელვადიანი პერსპექტივებისკენ მიმავალი გზა, მოკლევადიანი ღონისძიებებით უნდა იყოს აკინძული. ანუ მოკლევადიანი ღონისძიებები გრძელვადიან სტრატეგიულ ვექტორზე უნდა იყოს აკინძული.

დეკლარაციის დონეზე განცხადებები ბოლო 30 წელია მესმის, მაგრამ ჯერ არ მინახავს მთავრობა რომ ეს გაეკეთებინოს. ისეთი გამოსვლები მოვისმინე, რომ თითქოს ამისთვის მზად არიან, მაგრამ რამდენად ხვდებიან, როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, ეს უკვე არ ვიცი“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად