“ნიშა, რომლის დაუფლებასაც ვასაძე ცდილობდა, გაქრა”, – ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გადაწყვეტილება მან დღეს გამოაცხადა და თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დანიელსონი დოკუმენტმა მიაღებინა, საიდანაც გამოჩნდა, რომ ჩვენს მაგივრად სხვები იღებენ გადაწყვეტილებებს და ქვეყანამ დაკარგა სუვერენიტეტი.

რა გზავნილი დაინახა ვასაძის განცხადებაში? დამოუკიდებლად მოქმედებს თუ ვინმე დგას მის უკან? – ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე საუბრობს:

_ ლევან ვასაძემ გააკეთა განაცხადა პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. აფუძნებს პარტიას „ერი“. მან განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება შარლ მიშელის დოკუმენტმა მიაღებინა, საიდანაც გამოჩნდა, რომ ჩვენს მაგივრად სხვები იღებენ გადაწყვეტილებებს და ქვეყანამ დაკარგა სუვერენიტეტი. რა გზავნილები დაინახეთ ვასაძის განცხადებაში?

_ ცოტა ეგზოტიკანარევი განაცხადია. ლევან ვასაძე თავდაპირველად როდესაც გამოჩნდა, მახსოვს მისი ორი სტატია პრესაში. წავიკითხე და საინტერესო პიროვნება ჩანდა და ჩემზე დატოვა ინტელექტუალის შთაბეჭდილება. მაგრამ შემდეგ უკვე მთელი რიგი მისი აქციები მიუღებელი იყო.

ჩვენთან ამაზე ლაპარაკი თითქოს ტაბუ დადებულია, მაგრამ ჩვენ თუ არ ვთქვით, აბა ვინ იტყვის? უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ ეკლესია ნელ-ნელა, მაგრამ თანდათანობით კარგავს განუზომლად დიდ რეიტინგს, რომელიც მას ჰქონდა არცთუ შორეულ წარსულში. მე ვარ ცინცაძე და ვარ კალისტრატე ცინცაძის შთამომავალი და ვერ წარმომიდგენია კალისტრატე ნასვამი. გარეჯში შეკრებილ სასულიერო პირებზე კი პირდაპირ ამბობენ ნასვამ მდგომარეობაში იყვნენო. ესე იგი მთვრალები იყვნენო. გარდა ამისა, როდესაც მეუფე ამბობს, რომ რაღაც საქმეები გავაკეთე და იმიტომ მყავს 100 000 დოლარად შეფასებული მანქანაო და ა. შ. ეს ყველაფერი არ არის ჩვენი პატრიარქის სტილი და ეს ყველაფერი ეკლესიას უკარგავს რეიტინგს.

_ ვასაძესთან რატომ დააკავშირეთ ეკლესია?

_ ვასაძე 5-7 წლის წინ დავინახეთ ჯვრით ხელში „ქართული მარშით“ სათავეში. ის მოგვევლინა მართლმადიდებლის რაინდის როლში.

_ დღესაც ასე გგონიათ, რომ მას ზურგს ეკლესია უმაგრებს?

_ ყოველ შემთხვევაში თავად ცდილობს, რომ ასოცირებული იყოს ასე. მე არ ვიცი, რა კავშირი აქვს თავად ეკლესიასთან. თავის დროზე ბევრი ლაპარაკი იყო ივანიშვილთან მაგის კავშირზე. მაგრამ, ამის შედეგი ვერ დავინახე. მე მგონი ის უფრო დამოუკიდებელია. ვიცი, რომ ერთ დროს მას პატრიარქთან დიდი სიახლოვე ჰქონდა მრწამსის საკითხში და ვიცი, რომ პატრიარქი ვასაძეს დიდ პატივს სცემდა. განსაკუთრებით შევარდნაძის გვიანდელ პერიოდში, „ნაციონალური მოძრაობის“ წინა პერიოდში. დიდი მოლოდინი იყო მასზე. ლაპარაკი იყო, რომ მესამე ძალა თუ გამოჩნდებოდა, ის ვასაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე მგონი ვასაძემ დააგვიანა. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება მე როგორც შორიდან დამკვირვებელს. ის ნიშა, რომლის დაუფლებასაც ვასაძე თავის დროზე წარმატებით დაუფლებას ცდილობდა, ეს ნიშა არათუ ვინმე სხვამ დაიკავა, არამედ უბრალოდ გაქრა.

ის გააქტიურდა ქრისტიანობის დასაცავად, რასაც აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. მართლმადიდებლობის პრობლემა და ზოგადად ქრისტიანობის პრობლემა მარტო საქართველოში არ არის, საქართველო მთვარეზე არ არის. მე იმისიც მეშინია, მოვესწრო, რომ  ევროპა ქრისტიანული აღარ იყოს. საიდანაც თავის დროზე ჯვაროსნული ომები დაიწყო, ლამის ჩერჩილის და ნაპოლეონის იუბილე აკრძალონ, რათა ვიღაცას არ ეწყინოს.

ქრისტიანული ღირებულებების და მორალის მაგალითი პირველ რიგში მეუფეებმა უნდა მისცენ. რომის პაპი როდესაც ყიდის ძვირადღირებულ და ჩვენთან მეუფეები ძვირადღირებული ჯიპებით დადიან, ეს ჩემთვის, როგორც ქრისტიანი ადამიანისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი. კი, ეკლესიას ჰყავს ბირთვული ელექტორატი, რომელთაც ერთი წიგნი არ წაუკითხავს ქრისტიანულ მოძღვრებაზე.

_ ვასაძის უკან რუსეთის კვალსაც ხომ არ ხედავთ?

_ მე არ ვამბობ, რომ რუსეთის აგენტები არიან, მაგრამ რუსეთს აღარაფერი დარჩა როგორც თავად უწოდებენ „სკრეპი“ აღარ დარჩა, ერთადერთი მაკავშირებელი არის მართლმადიდებლობა. ამიტომაც არის, რომ ევროპაში რუსეთს ერთადერთი სერბეთი შემორჩა მართლმადიდებლობის იდეით. რასაკვირველია რუსეთის ეკლესია პოლიტიზირებულია. ქართულ ეკლესიას დღემდე არ უღიარებია უკრაინის ავტოკეფალია. რატომაც არ აღიარებს, ეს არგუმენტი დამაჯერებლად არ მიმაჩნია, რომ ადგება და აფხაზეთს აღიარებს. აფხაზეთში უფრო მეტი აღიარა რუსეთმა. დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და ეკლესია აღიარებს თუ არა, ეს უკვე მეათე ხარისხოვანია დღევანდელობის გათვალისწინებით. დღეს, რომ მე-18 ან მე-19 საუკუნე იყოს, კი ბატონო. მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. 21-ე საუკუნეში გაფერმკრთალდა.

თუ ვასაძე ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტმა დაარწმუნა, რომ საქართველო დამოუკიდებელი არ არის და სხვა მართავს, მაშინ მან პროტესტი რატომ არ განაცხადა იმაზე, რომ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ჩვენი ეკლესია. როგორ ფიქრობს, კარგი ურთიერთობა აქვს თუ ცუდი ჩვენ საპატრიარქოს მსოფლიო პატრიარქთან. მე არ ვიტყოდი, რომ მასთან ჩვენ ეკლესიას ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს.  ერთი ვასაძე ვერაფერს ვეღარ შეცვლის.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
კომენტარები
იტვირთება...