ნინო წილოსანი მინისტრებს: რა პირობა გვიქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ ნამახვან ჰესის ამ პირობებში და ამ ხელშეკრულებით აშენება იქნება ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების გარანტია

 „ხელშეკრულების რა ნაწილი, რა პირობა გვიქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ ნამახვან ჰესის ამ პირობებში და ამ ხელშეკრულებით აშენება იქნება ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების გარანტია“, – აღნიშნული კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მიმართა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მოხსენებას მოუსმინეს, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პეტიციას შეეხებოდა. ნინო წილოსანი ენერგოუსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებით, ასევე, კონსენსუსის შესაძლებლობით დაინტერესდა.

მისივე შეფასებით, ჰესებთან დაკავშირებულ განცხადებებს მინისტრების მხრიდან კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხები უნდა გაეცეს.

„გასაგებია, ზოგადად ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა, თუმცა, ამ კონკრეტული ხელშეკრულების პირობებში, თუ შეგიძლიათ, გვითხრათ, ხელშეკრულების რა ნაწილი, რა პირობა გვიქმნის იმის ფიქრის საფუძველს, რომ ნამახვან ჰესის ამ პირობებში და ამ ხელშეკრულებით აშენება იქნება ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოების გარანტია, მათ შორის, ხომ არ გამოიწვევს ის ტარიფის გაზრდას ელექტროენერგიაზე და კონკრეტული დასაბუთება გვინდა, რა არგუმენტი უნდა გვიმყარებდეს ამ მოსაზრებას.  ასევე, არაერთი კვლევა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ რჩევა არის იმასთან დაკავშირებით, რომ გარანტირებული შესყიდვები გარკვეულ რისკებს შეადგენს. შესაბამისად, იყო ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებითაც ასეთი მოსაზრებები გამოთქმული და მინდა, თქვენგან მოვისმინოთ, რამდენად უსაფრთხოა როგორც ამ ჰესის მშენებლობის ეკონომიკური და ფინანსური მოდელი და რატომ უნდა ვიყოთ გარანტირებული, რომ ის არ წარმოადგენს ფისკალურ რისკებს? ნამახვანის ჰესებში მონაწილე წამყვანი ინვესტორი ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპი“, იყო პასუხისმგებელი შუახევ ჰესზე მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც ახლადაშენებული ჰესის გვირაბი, გაშვებიდან ორი თვის შემდეგ, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა, ამიტომ, გვჭირდება კონკრეტული დასაბუთება, რატომ არის ეს კომპანია ჩვენი ნდობის ღირსი და რითი გვაქვს გადაზღვეული ეს პროცესი. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს მხოლოდ სამინისტროს რესურსით ამოწმებთ თუ გარდა იმ ნაწილისა, რაზეც ისაუბრეთ, რომ იგივე, ტვიშთან მიმართებაში კონკრეტული რისკები იქნა გადაზღვეული, რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სოლიდური, გარე ორგანიზაციები იყო ჩართული ან აქ სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც გადააზღვიეს ეს რისკები და სახელმწიფოსთან ერთად იმუშავეს ამ ყველაფერზე. თქვენ იყავით იქ ადგილზე, იცნობთ ამ პეტიციებს, ყველა აქ მსხდომი ადამიანის არგუმენტებს და მაინტერესებს თქვენი კონკრეტული მოსაზრებები, სად ხედავთ კონსენსუსის შესაძლებლობას, ანუ რა მოთხოვნებს აკმაყოფილებთ ამ ეტაპზე და რა რჩება ღია, რომ ჩვენც ნათლად ვიცოდეთ“, – მიმართა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...