ნინო წილოსანი კახა ბექაურს: ხომ არ თვლით რომ ამ ჩანაწერით, ძალიან დიდ დისკრეციას აძლევთ კომისიას?

ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მიმდინარეობს საკმაოდ სკანდალური კანონპროექტის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ განხილვა. განხილვას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

კანონპროექტის შესახებ მოხსენება გააკეთა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა. მას კითხვა დაუსვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა.

1.გქონდათ თუ არა კომუნიკაცია ინიციატივის გამოტანამდე სექტორთან და სექტორის წარმომადგენლებთან და თუ არ გქონდათ, რამდენად სწორ ფორმად მიგაჩნიათ ეს მარეგულირებლის სექტორთან ურთიერთობის.

2. რამდენად ლოგიკური მიზანიც არ უნდა ჰქონდეს ამ ინიციატივას, ვგულისხმობ, თუნდაც ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის ცოდნა წილების გასხვისების შესახებ მარეგულირებლისთვის უმნიშვნელოვანესია და მსგავსი რეგულაციები მკაცრად მოქმედებს, როგორიც არის თუნდაც საფინანსო სექტორი. ეს ნამდვილად არის რეალური მოტივი გარკვეული ცვლილებების მოტივი გარკვეული ცვლილებების განხორციელების, თუმცა, ამ ლოგიკური მიზნების გათვლისწინებითაც, ხომ არ თვლით რომ ჩანაწერი, რომელიც შემოთავაზებული გაქვთ, ძალიან დიდ დისკრეციას აძლევთ კომისიას. ისევე როგორც მმართველის დანიშვნის, ასევე მმართველის უფლებამოსილებების ნაწილში. თქვენ ისაუბრეთ, რომ მზად ხართ, დააკონკრეტოთ მმართველის უფლებამოსილებები თუ დანიშვნის არეალი, დაზუსტება მჭირდება, რადგან წარმოდგენილ ვერსიაში გიწერიათ რომ მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესი, სახელმწიფო უსაფრთხოება, რომელიც ამ კანონის მიზნებისთვის ვერ ვხედავთ, რომ განმარტებულია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ამ ფორმულირებით, როგორც არის ახლა: “ძალიან გაგვიჭირდება რომ მხარი დავუჭიროთ თუნდაც თქვენს მიერ დასმული პრობლემის მოგვარებას. ისაუბრეთ რომ დაავიწროვებთ ამ დისკრეციას და ახსენეთ სპეციალური ვალდებულებები, იქნებ განმარტოთ, ეს სპეციალური ვალდებულებების ჩამონათვალი როგორია? რა კუთხით ხართ მზად რომ როგორც დანიშვნის, ასევე მმართველის უფლებამოსლებები შევიწროვდეს კონკრეტული მიზნის მისაღწევად, რაც ჰქვია იმას რომ ბაზარზე შენარჩუნდეს კონკურენტუნარიანობა.”

ამასთანავე ვეთანხმები კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებას, რომ პაკეტში შემავალი კანონპროექტი, რომელიც ეხება მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომლითაც სასამართლოში სამართლებრივი აქტის გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა არ აჩერებდა პროცესს, ეს ჩანაწერი ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი. გთხოვთ, დააზუსტოთ, იქნება თუ არა ამოღებული ამ პაკეტიდან ეს ჩანაწერი, ან როგორ დაკორექტირდება.

ისაუბრეთ ამ ცვლილებების მოტივაციაზე. მოტივაცია არის ის, რომ თქვენს უფლებამოსილებას, რაც მარეგულირებელს გაქვთ, არსებული ჯარიმებით და სანქციებით ვერ ახორციელებთ, თუმცა ეს არ არის ახალი, ამიტომ მექნება გლობალური შეკითხვა: თუ ეს პრობლემები არსებობს, რატომ არ არის საკანონმდებლო ჩარჩო შესაბამისად დარეგულირებული, რამდენად სათანადოდ მუშაობს კომისია და დღეს გვჭირდება, რომ დაჩქარებული წესით დავუჭიროთ მხარი თქვენს ინიციატივას.” – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განმარტებით: „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დავიწროვდება და ამაზე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის  კომიტეტთან პირველივე დღეს მოხდა შეთანხმება. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის  განცხადებით, კანონში ცვლილებები შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წილის გასხვისებას ან შერწყმას კომისიასთან წინასწარი შეთახნმების გარეშე  აქვს ადგილი, ასევე სატელეკომუნიკაციო ბაზარზე  მნიშვნელოვანი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხებს.

„კომიტეტთან ვიმუშავეთ აქტიურად და შევთანხდით, რომ დავიწროვდეს ის გადაწყვეტილებები, რომლის შეუსრულებლობისთვის  მმართველის მექანიზმი ჩაირთვება. შეთანხმების მიხედვით ეს შესაძლოა, იყოს როგორც წილის გასხვისების და შერწყმის წინასწარ არშეთანხმების საკითხები, ასევე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხები. ეს თავისთავად გულისხმობს და კანონში განმარტებულია, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას და თავისთავად სპეციფიკური ვალდებულებები მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებს ეკისრება. ეს საერთოდ გამორიცხავს იმ ნაწილსაც, იმ მაუწყებლების ნაწილსაც, რომლებიც ელექტრონული კომუნიკაციის კანონით ავტორიზებულები არიან. ამიტომ, თეორიული შანსებიც არ არის არანაირი. არც იყო მანამდე, მაგრამ არც ახლაა“, – განაცხადა ბექაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად