ნინო თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ სეგედში 13-16 თებერვალს პარაფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობდა.

ქართველი პარამოფარიკავეები ირმა ხეცურიანი, ნინო თიბილაშვილი და გვანცა ზადაშვილი ხმლით და რაპირით ინდივიდუალურ პირველობაში და რაპირით გუნდურ შეჯიბრებაში იღებდნენ მონაწილეობას.

“ა” კატეგორიის ხმლით მოფარიკავეთა შორის ნინო თიბილაშვილმა ჯგუფურ ტურნირში ხუთიდან ოთხი შეხვედრის მოგებით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ოლიმპიური სისტემით ასპარეზობისთვის მეხუთე ნომრად განთესეს.

მერვედფინალურ შეხვედრაში თიბილაშვილმა ტაილანდელ დუეინ ნაკპრაზიტს სძლია – 15:7, მერვედფინალში უნგრელ ამარილა ვარეშს მოუგო – 15:7, ნახევარფინალური შეხვედრა კი წააგო 3:15 მომავალ ჩემპიონ, პოლონელ კინგა დროძდთან და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ნინი თიბილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მეტად საჭირო სალიცენზიო ქულები მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში გვანცა ზადიშვილმა ჯგუფურ ეტაპზე 5-დან 4 შეხვედრა მოიგო და მეექვსე ნომრად განთესეს. მერვედფინალში ზადიშვილმა სძლია იტალიელ ანდრეა მოგოშს – 15:11, მაგრამ წააგო მეოთხედფინალი მომავალ ვიცე გამარჯვებულ, უკრაინელ ნატალია მორკვიჩთან – 3:15.

“ბ” კატეგორიის ხმლით მოფარიკავეთა შორის ირმა ხეცურიანმა ჯგუფში ყველ შეხვედრა მოიგო და მეორე ნომრად იქნა განთესილი. მერვედფინალში ხეცურიანმა ფრანგი მარი საბლონი 15:3 დამარცხა, მაგრამ 9:15 წააგო მეოთხედფინალური შეხვედრა რუს ირინა მიშუროვასთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

“ბ” კატეგორიის რაპირით მოფარიკავეთა შორის ჯგუფურ ტურნირში ირმამ სამი გამარჯვება მოიპოვა ხუთიდან და მეთერთმეტე განთესვა მიიღო. . ოლიმპიური სისტემით ასპარეზობის დაწყებისას მან უკრაინელ ნადია დოლონს 15:14 სძლია, მაგრამ წააგო მეოთხედფინალური შეხვედრა რუს ვიქტორია ბოიკოვასთან – 7:15.

“ა” კატეგორიის რაპირით მოფარიკავეთა შორის ნინო თიბილაშვილმა ჯგუფში 6-დან სამი შეხვედრა მოიგო და მეათე ნომრად განითესა, მეთექვსმეტედფინალური შეხვედრა თიბილაშვილმა ჰონკონგელ შან ფან პუის მოუგო – 15:7, მერვედფინალში კი მომავალ ჩემპიონ ჰონკონგელ იე იუ ჩუისთან დამარცხდა – 9:15

ამავე კატეგორიაში გვანცა ზადიშვილმა ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო და შემდეგ მეთექსმეტედფინალში დამარცხდა რუს ალბინა დავლიატოვასთან – 7:15.

რაპირით გუნდური შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა 32:45 დათმო მეოთხედფინალური შეხვედრა რუსეთის ნაკრებთან.

ამის შემდეგ მეხუთე -მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ჯერ აშშ-ის გუნდი 45:17 დაამარცხა, შემდეგ უკრაინელებს სძლია მეტად დაძაბულ ბრძოლაში – 45:43 და მეხუთე ადგილის დაკავებით ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების ყულაბას მნიშვნელოვანი ქულები შესძინა

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად