ნინო სურგულაძე: ფრთხილად, მკვლელ რუსეთს არ მივცეთ საბაბი, პროვოკაციაზე წამოგვაგოს

“ამაყი ვარ, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს”,-ასე ეხმაურება ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. იგი აღნიშნავს, რომ საქართველომ რუსეთი პროვოკაციაზე არ უნდა წამოაგოს.

“ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო და არა მარტო….

ვუყურებ ჩემს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მიმძიმს შორიდან ამ ყველაფრის ყურება, რადგან ამ პროცესების ინსპირატორი კვლავ ჩვენი მტერი რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც არაერთგზის მცდელობისა, მაინც ვერ დაგვაჩოქა. ვუყურებ ჩვენს გულმხურვალე ახალგაზრდებს და ამაყი ვარ, რადგან მათი ხმა ნამდვილად ისმის მსოფლიოში. ამაყი ვარ, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. ამაყი ვარ და გულანთებული, როცა რამდენიმე საათში მიწევს უდიდეს წარმომადგენლობით ღონისძიებაზე გასვლა და სიმღერა, სადაც მე აუცილებლად სიამაყით ვიტყვი, რომ ქართველი ვარ.

არასოდეს არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, გავაკეთო პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ ერთხელ მომიტევოს ყველამ – ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მკვლელ რუსეთს არ მივცეთ საბაბი, კიდევ ერთხელ არ წამოგვაგონ პროვოკაციას.

ჩვენ გავიმარჯვებთ, მე ამის მჯერა და სულ გამარჯვებულები ვივლით წინ საქართველოს საკეთილდღეოდ. სიყვარულით თქვენი ნინო”,-წერს ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში.

თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. რაც 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა, შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით, შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწლეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი,  წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

როგორც გადაუდებელი სიტუაციების მმართვის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯამში კლინიკებში 240-მდე პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის 80-მდე პოლიციელი.

“ჯამში კლინიკებში გადაყვანილი იქნა 240-მდე პაციენტი. მათ შორის 80-მდე პოლიციელი. ამჟამად კლინიკებში რჩება 102 პაციენტი. ნიუ ჰოსპიტალში რჩება 18-მდე პაციენტი, რომელთა შორის 2 პაციენთან მოხდა თვალი ენაპლუაცია “,-განაცხადა თორნიკე თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...