ნინო სანდოძე: უზენაესის მოსამართლეობის 10-ივე კანდიდატი მაღალ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდით

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილი უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატიდან ერთ-ერთი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სანდოძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ყველა კანდიდატმა დაძლია კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმი. მისი თქმით, ისინი ქვეყნის ყველაზე მაღალი სასამართლო ინსტანციის მოსამართლეობას იმსახურებენ.

„მე, ისევე როგორც ამ კანდიდატთაგან თითოეული წევრი, მზად ვართ დავემორჩილოთ იმ კრიტერიუმებს, რომელიც შემუშავდება და დაკმაყოფილების შემთხვევაში გვექნება ჯანმრთელი ამბიცია უზენაესი სასამართლო მოსამართლეობაზე.

მოსამართლედ რომ დაინიშნოს პირი, უნდა გაიაროს კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმები. ეს კრიტერიუმები ამ მოსამართლეებს დაძლეული და გავლილი აქვთ, ეს არის საფეხური იმისა, რომ პირი გახდეს მოსამართლე. შემდგომში შესაფასებელია თითოეული ჩვენგანის წარსული, მათი პროფესიული განვითარება და ვთვლი, რომ კანდიდატები მართლაც, რომ აკმაყოფილებდნენ მაღალ მოთხოვნებს.

პარლამენტს კი განხილვის შეჩერებით იმიტომ მივმართეთ, რომ იმ აგორებული კამანიიდან გამომდინარე, რომელიც თითქოსდა, უფრო სწორად ჩრდილს აყენებდა ჩვენს კანდიდატურებს.

ჩვენ არ მოგვეცა ღია ტრიბუნა, დაგვეფიქსირებინა ის პოზიციები, თუ რას ვფიქრობთ იმ საქმეებზე, რომელიც ჟღერდება ჩვენ მიმართ, თითქოსდა არის უკანონო გადაწყვეტილებები, ვფიქრობდით, რომ პარლამენტში მოგვეცემოდა კომიტეტებში ამის დაფიქსირების შესაძლებლობა, თუმცა, რადგან ამ საკითხის განხილვა გადაიდო… ჩვენ თუ მოგვეცემა საშუალება მომავალში აუცილებლად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა მოსამართლე ნინო სანდოძემ.

კომენტარები
იტვირთება...