ნინო ქათამაძემ 2020 წლის 27 მარტს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ 2020 წლის 27 მარტს მოსკოვში საკონცერტო დარბაზ Vegas City Hall-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რია ნოვოსტი” საკონცერტო დარბაზის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სამწუხაროდ, ნინო ქათამაძემ რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა”, – განაცხადეს Vegas City Hall-ის წარმომადგენლებმა.

20-21 ივნისს, თბილისში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ნინო ქათამაძემ 30 ივნისს თავის “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა, რომ რუსეთში კონცერტებს აღარ ჩაატარებს, ვინაიდან ამ ქვეყანას ოკუპანტად მიიჩნევს.

მომღერალი აღნიშნავდა, რომ სამშობლოსთვის არასდროს უღალატია და არ მიუღია მონაწილეობა ისეთ კონცერტებში, რომლებიც სახელმწიფო რესურსებით ფინანსდებოდა, ან პოლიტიკოსების დაბადების დღეების საპატივსაცემოდ.

მის განცხადებას კრემლში გამოეხმაურნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნინო ქათამაძის გადაწყვეტილების შემდეგ, “რუსი არტისტებისთვის საქართველოში ჩასვლა შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს”.

ასევე, რადიოსადგურ “Говорит Москва” -სთვის მიცემულ ინტერვიუში პროდიუსერმა იოსიფ პრიგოჟინმა ნინო ქათამაძის განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვა და მომღერალს მოუწოდა, თავის სიტყვებზე პასუხი აგოს.

“ისინი რა, ყველანი ჭკუიდან გადავიდნენ? ეს რაღაც უგუნურებაა. ის ხომ არავის დაუჩაგრავს ქვეყანაში. ეს რა კარის გაჯახუნებაა? აღმაშფოთებელი სიტუაციაა! როდესაც ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ისინი ამისთვის პასუხს უნდა აგებდნენ. დაე იჯდეს თავის საქართველოში, იქ ატაროს საგასტროლო ტურნე. ნებისმიერი დიდი სახელმწიფო, ატომური სახელმწიფო, ყიველთვის იდომინირებს პატარა სახელმწიფოებზე. მეზობლებთან ადამიანურად უნდა იცხოვრო”,-განაცხადა მან.

საინტერესო იყო რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანის, თინა კანდელაკის პოზიციაც. მან თავის “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა, რომ “ნინო ქათამაძე დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც თავისი ხელოვნების პოლიტიზირებას ახდენს”.

ცნობისთვის, მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში, მოსკოვში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “Усадьба Jazz 2019”-ზე იმღერა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...