ნინო ქათამაძე: ბოდიშს ვიხდი, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!

მომღერალი ნინო ქათამაძე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე მოსკოვში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ “Усадьба Jazz 2019”-ში მონაწილეობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის და განმარტავს, რომ ეს მისი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში. ნინო ქათამაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხოლო ვლადიმერ პუტინი საერთო მტერი.

“ჩემო ძვირფასო მსმენელო და უმაგრესო ადამიანებო, ვინც 10 დღეა აპროტესტებთ, ძალადობას და უსამართლობას, პირველ რიგში, მოგმართავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სიტყვა, ჩემი ხმა და პროტესტი თქვენთან არის! ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე მქონდა საფიქრალი და გადასაწყვეტი, პირველივე წამიდან ვგრძნობ იმას, რასაც თითოეული თქვენგანი გავრილოვის სპიკერის სავარძელში ხილვისას!

არასოდეს არ მომრიდებია ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ წასვლა, არასოდეს არ დამეზარა და ჩემი ხმით, ქართულად მსოფლიოს ყველა ნაწილში და მათ შორის რუსეთშიც ყოველთვის ვამბობ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩემი ქვეყნის მტერი და მაშასადამე ჩემი მტერიც! ერთია ჩემი საგასტროლო გრაფიკი და მეორეა ჩემი შინაგანი შეგრძნება ჩემი ქვეყნის, ქართული სიტყვის, მუსიკის წინაშე. ჩემს ხელში მხოლოდ ეს იარაღია, მხოლოდ ამით შემიძლია ვუთხრა ჩემს მსმენელს ის ტკივილი რაც ჩემს ქვეყანას სტკივა, იმ უამრავ მსხვერპლს, რაც საქართველოს გაუღია თავისუფლებისთვის, კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდას თვალის ჩინი დაემატა და ადამიანი, რომელიც ამ წუთამდეა უმძიმეს მდგომარეობაშია, თითოელი მტკივა და თითოეულს ვგრძნობ დღე და ღამე!

ბოდიშს ვიხდი ჩემო ძვირფასებო, რომ არ ვიდექი თქვენთან ერთად იმ ღამეს, რომ ვერ დაგიცავით ფიზიკურად და ერთ ტყვიაშიც ვერ შეგეხიდეთ, არჩევანი, რომ მქონდეს უყოყმანოდ მივიღებდი ყველა იმ ტყვიას, რაც თითოეულ თქვენგანს მოგხვდათ ოკუპაციის გაპროტესტებისთვის. დიახ, რა თქმა უნდა, გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია.

ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართ და ვიზიარებ თითოელ შენიშვნას, ამ პოსტის შემდეგაც მზად ვარ მოვისმინო და წავიკითხო ყველას აზრი, თუნდა ყველაზე მძიმე ფორმით გადმოცემული! ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20 ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი. მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!!

მინდა, რომ იმ ახალგაზრდებს რომელიც 10 დღეა ქვეყნის სამსახურში 19:00 საათიდან იკრიბებიან ვუთხრა: არასდროს ჩემს გულში სამშობლოს ღალატი არ ყოფილა, არასოდეს რუსულად არ მიმღერია, არასოდეს სამთავრობო (რუსეთში) დაფინანსებულ კონცერტში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მიმღერია არც ერთი რუსი პოლიტიკოსის დაბადების დღეზე. ჩემი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს განურჩევლად, ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორინტაციისა! ამ პოსტით მინდა, ჩემი პროტესტი გამოვხატო პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, შეუერთდე მოთხოვნას, რომ გახარია უნდა გადადგეს! რუსეთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი!

თითოელი თქვენგანის სახის დანახვისას, თოთოელი თქვენი ქცევისას ყურებში მკაფიოდ ჩამესმის დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ზურაბ ჟვანიას ხმა: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”. მხოლოდ თქვენ ხართ ნათელი გამოხატულება ევროპელი ქართველისა, თქვენ დაამტკიცეთ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერასოდეს ვერავინ ვეღარ შეცვლის. უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის, ქედს ვიხრი თქვენი თავდადების წინაშე”,-წერს ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთის ფედერაციის დედაქალაქში, მოსკოვში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “Усадьба Jazz 2019”-ზე იმღერა. 

რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” მომხმარებელმა “ალექსდუბასმა” გაავრცელა. სადაც წერს:

“ძვირფასო ქართველებო, ამ დასვენების დღეების განმავლობაში ბედნიერება მხვდა წილად, წამეყვანა ფესტივალ “Усадьба Jazz”-ის კონცერტები. ახლახანს დასრულდა ნინო ქათამაძის გამოსვლა. მან განაცხადა, რომ მისი გული ახლა საქართველოშია, მე კი განვაცხადე, რომ დღეს მსმენელების გულები მასთან ერთად არის, ანუ ისინიც საქართველოში. ამ ვიდეოში შეგიძლია ნახოთ, როგორ უკრავდნენ მას აპლოდისმენტებს და როგორ აყვნენ სიმღერაში, რადგან ჩვენ სავარაუდოდ ხომ ვიცით, რომ თქვენი უმრავლესობა რუსოფობები არ არიან. ოდესღაც ნინომ მითხრა, რომ ქართულში არ არის ერთი სიტყვა, რომელიც ხელის გულებს აღნიშნავს და ახლა, როდესაც ხელებს ერთმანეთს ვუჭერ, ან ვინმეს ტაშს ვუკრავ, მახსენდება, რომ ამას გულით ვაკეთებ. „ყველაფერს, რსაც სიცოცხლე გვართმევს, მუსიკა გვიბრუნებს“ – თქვა ჯონ ლენონმა. მას კი ესმოდა მსოფლიოში მშვიდობის ფასი! ქართველებო, მალე შევხვდებით!”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...