ნინო ქადაგიძე: ვცდილობ დავადასტურო, რომ ვარ ღირსი ვიჯდე აქ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძეს მოსმენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე დაინტერესდა, თუ როგორ მოხვდა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დეკემბერში წარდგენილ ათკაციან სიაში და იცოდა თუ არა დანარჩენი კანდიდატების შესახებ ინფორმაცია.

როგორც ნინო ქადაგიძემ დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მას იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე დაუკავშირდა და ნომინირება შესთავაზა.

“მე გიორგი მიქაუტაძე დამიკავშირდა, იუსტიციის საბჭოს მდივანი. ჩვენს შორის შედგა კომუნიკაცია. მან მითხრა, რომ აპირებდნენ ჩემს ნომინირებას უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად. ბუნებრივია, მე მადლიერებით მივიღე ეს, იმიტომ რომ სასიამოვნოა, როცა დაგინახავენ შენს უწყებაში და ცდილობენ ისევ იმავე პოზიციაში დაგაბრუნონ, სადაც იყავი. ამიტომაც მე დავთანხმდი. გარდა ამისა, მე მითხრეს რომ 10 კაცი იყო წარდგენილი და ვინ იყო ეს 10 კაცი ამის შესახებაც ინფორმაცია მქონდა,” – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

კითხვაზე, წარმოადგენდა თუ არა მისთვის უხერხულობას, ის რომ მოსამართლეების მცირე ჯგუფის გარდა, პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა სხვებს არ მიეცათ, – მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა იდეა-ფიქსი არ არის, თუმცა, სურს დაამტკიცოს, რომ სიაში ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.

“მე ვამბობ და ვადასტურებ, რომ აუცილებელია ყველას მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები. მაგრამ მე მივიღე ეს შეთავაზება და მივიღე იმ ფორმით, როგორიც იყო. ანუ რას მეკითხებით, უნდა მეთქვა, რომ ჯერ კანონში შევიდეს ცვლილება და კანონის ინიცირება მომეხდინა?! მე მივიღე თამაშის ის წესები, რომელიც თქვენ შემომთავაზეთ. ამიტომ დღესაც მე მივიღე ის წესები, რომელიც თქვენ დამიდგინეთ. აქედან გამომდინარე მე მივიღე მონაწილეობა, მე არ ჩამითვლია, რომ ვიყავი უღირსი. მივიღე ეს შეთავაზება იმ წესებით, როგორადაც კანონით იყო განსაზღვრული.

ჩემი იდეა ფიქსი ნამდვილად არ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, აქ უბრალოდ ჩემი ღირსების საკითხი დადგა და ამიტომ ვდგავარ თქვენს წინაშე. რომ არ ვყოფილიყავი წარდგენილი, მე გარწმუნებთ, რომ დღეს აქ არ ვიჯდებოდი. სწორედ იმიტომ, რომ იმ ათკაციან სიას მოჰყვა ხმაური, სწორედ ამიტომ ვარ მე თქვენს წინაშე და მე ვცდილობ დავადასტურო, რომ ვარ ღირსი ვიჯდე აქ,” – განაცხადა ნინო ქადაგიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად