ნინო ქადაგიძე: არ ვთვლი, რომ რომელიმე კლანის წევრი ვარ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო ქადაგიძე თავს არ მიიჩნევს რომელიმე კლანის წევრად.

ამის შესახებ ნინო ქადაგიძემ პარლამენტის იურიდიულ სხდომაზე განუცხადა, სადაც შეკითხვით მას დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მიმართა.

„ძალიან ადრე დავიწყე ჩემი მოღვაწეობა, გარკვეული კარიერა შევქმენი სანამ სასამართლოში მოვიდოდი და არანაკლები კარიერა, ამ წარმატებით შეიძლება ვთქვა, რომ მაშინ მე ვიყავი თედო ნინიძის, ლადო ჭანტურიას, ჯონი ხეცურიანის კლანის წევრი. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებთანაც კითხვა არავის გაუჩნდება.

მე არ ვთვლი, რომ რომელიმე კლანის წევრი ვარ, უფრო მეტიც, არ ვთვლი, რომ სასამართლოში შეიძლება კლანი იყოს. ვერ იქნება სასამართლოში კლანი, იმიტომ, რომ მე ვაწერ ხელს ჩემს გადაწყვეტილებას, და ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე. აქ გაჟღერდა მოსამართლეს არ მოეკითხებაო, მოსამართლეს როგორ არ მოეკითხება, როგორც სხვებს, ისე მოეკითხება მოსამართლეს და ბევრად უფრო მეტად, ამიტომ მის მიერ გაცემული ყველა პასუხი უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება აქვს ყველას, – მოსამართლეს, პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას.

ამიტომ, მე ვარ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, არ ვიცი, ვიქნები თუ არა მე უზენაეს სასამართლოში, მთავარია ვიყო საზოგადოების წინაშე პირნათელი. უხერხულობას შემიქმნის ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იქნება უსამართლო ან უკანონო. ის, რომ ადამიანი, რომელიც 18 წელია მოსამართლეა, მანამდე იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობას იკავებდა და გაიარა იმ დიდი ადამიანების სკოლა, რატომ უნდა მქონდეს უხერხულობის განცდა იმ ნაწილში, რომ საკუთარი კანდიდატურა შევთავაზო საზოგადოებას? ვფიქრობ, ამის მორალური უფლებაც მაქვს და პროფესიული განათლების და ცოდნის დონე ამის უფლებას მაძლევს” – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად