ნინო ლომჯარია: მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ყველას დაანახოს, რომ ძალადობა არაა ხალხის დაკვეთა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია რუსთაველზე დაანონსებულ აქციას Facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ მათი დაკვეთა განსხვავებულის მიმართ ძალადობა არ არის.

“მინდა მეც გავავრცელო ინფორმაცია, რომ დღეს, 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების თვითორგანიზებით ტარდება მდუმარე აქცია, რომლის მიზანიც არის გაპროტესტება და გამიჯვნა გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას დაანახოს, რომ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულის მიმართ არ არის საზოგადოების დაკვეთა”,- წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, დღეს 6 ივლისს, რუსთაველზე, პარლამენტის წინ, 20.00 – 21.00 საათამდე გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების შეკრება სახელწოდებით “არა ძალადობას”
შეკრებას არ ყავს ორგანიზატორი.

„თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით “ღირსების მარში” ორგანიზატორებმა გააუქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

კომენტარები
იტვირთება...