ნინო ლომჯარია ირაკლი კობახიძეზე: მმართველი პარტიის თავმჯდომარე საერთოდ არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად

მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია სერიოზულ ფიგურად, მას არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ “ტვ პირველის“ გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

მისი თქმით, ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა თავდასხმის ობიექტი.

„ოთხი წლის განმავლობაში არაერთგზის გავმხდარვარ თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, უპრეცედენტო თავდასხმებიც მახსოვს, მათ შორის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის მხრიდან, მაგრამ ეს თავდასხმა იყო კიდევ უფრო მეტად საშიში. აქ კრიტიკა ან საქმიანობის ხელშეშლა კი არ იყო, აქ უკვე იყო უშუალოდ მუქარა. მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერები პირდაპირ დაემუქრნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით სახალხო დამცველს და სახალხო დამცველის ექსპერტებს, ექიმებს მათი პროფესიული მოვალეობის პირნათლად შესრულების გამო, რომ დადგებოდა მათი სისხლის სამართლებრივი ეს უკვე ნამდვილად სხვა რეალობა იყო. თავიდან ამ ყველაფერს ცოტა არ შევხედე სერიოზულად, იმიტომ, რომ არ მიმაჩნია ეს ადამიანები სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებად. პირველ რიგში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ მიმაჩნია საერთოდ სერიოზულ ფიგურად, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან, ყოველ შემთხვევაში დასავლეთში. ეს დანამდვილებით ვიცი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნული კონსილიუმის წევრთა უდიდესი უმრავლესობა არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული.

„სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფის ფეიკდასკვნას თუ მოჰყვა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და სცენარი, რისიც გვეშინია, ამას შეიძლება, მათი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
იტვირთება...