ნინო ჯანგირაშვილი: ვასილ მაღლაფერიძეს თავი მინისტრი ჰგონია

ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების დამატებას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს თავი მინისტრი ჰგონია. 

"ვასილ მაღლაფერიძის ჭკუაზე იარა მთელმა უმრავლესობამ. მგონი, კაცს ამ ქვეყანაში თავი მინისტრი ჰგონია, თუ იმაზე მეტი არა და რაა ბერკეტი?! თუ ჩვენ ამ გზებით ვიარეთ, ცოტა ხანში იქამდე მივალთ, ვასილ მაღლაფერიძე რომ დაურეკავს, რეკლამა დროზე მოიტანეო, ჩვენი არგუმენტები ვერავის დაარწმუნებს. ჩვენ ასეთი პერიოდები გვახსოვს",-განაცხადა ჯანგირაშვილმა.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ეთერში კომერციული რეკლამის გაზრდას ითხოვს. პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ამჟამად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სპონსორობა და კომერციული რეკლამა დასაშვებია სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსის ფარგლებში, რომლის მოცულობაც დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო საათში 6 წუთს. აღნიშნული ცვლილებით, აღნიშნული მონაცემები ორმაგდება და ნაცვლად 6 წუთისა ის 12 წუთი იქნება. თუმცა, წინ მესამე მოსმენა და შესაძლოა გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად