ნინო გვენეტაძეს ლევან მურუსიძისთვის ხმა არ მიუცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ხმა არ მისცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ დანიშვნას.

მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან მურუსიძე უკვე მოსამართლეა. 

"რაც შეეხება ხარვეზებს კონკურსის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა სხვა კონკურსისთვის შენიშვნებს გავიზიარებთ."

მისი თქმით, დღეს იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ 61 ვაკანსიაზე იუსტიციის საბჭოს წევრებმა თბილისში სააპელაციო რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში 39 მოსამართლე დანიშნეს. მოსამართლედ დაინიშნა იუსტიციის სკოლის რვა მსმენელი, 6 მოქმედი და 24 ყოფილი მოსამართლე. სააპელაციო ინსტანციაში როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში დაინიშნა რვა მოსამართლე. ვაკანტური დარჩა მოსამართლის 23 თანამდებობა. 

ნინო გვენეტაძის თქმით, 23 მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე შესარჩევი კონკურსი ორი თვის შემდეგ დაინიშნება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასრულდა მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსი, სადაც 61 ვაკანტურ ადგილზე მონაწილეობას 100 მოსამართლეობის მსურველი იღებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...