ნინო გოგუაძე: ვწუხვარ, რომ გუშინ ოპოზიციამ მეტი ვერ შევძელით, მედია მარტო იყო ბრძოლის წინა ხაზზე

ვწუხვარ, რომ გუშინ ოპოზიციამ მეტი ვერ შევძელით, მედია მარტო იყო ბრძოლის წინა ხაზზე, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ნინო გოგუაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში თქვა, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ:

_ მეც და ჩემ კოლეგებსაც გუშინ გაგვიჩნდა განცდა, რომ ოპოზიცია არ იყო საკმარისად აქტიური და თითქოს მედია მარტო ვიყავით დარჩენილები. რა კომენტარს გააკეთებთ ამაზე – საკმარისი იყო პოლიტიკური აქტორების აქტივობები?

_ იცით რა? სიმართლე გითხრათ გუშინ მთელი დღე მქონდა უკმარისობის განცდა, მაგრამ ვგრძნობდით პასუხისმგებლობასაც, რადგან ეს ხელისუფლება სამოქალაქო დაპირისპირებაზე იყო წამსვლელი. არ გვინდოდა, რომ იქ მოგვეხდინა დაპირისპირების პროვოცირება, მაგრამ დღეს გავცემთ სათანადო პასუხს. გეთანხმებით, რომ მედია იყო ბრძოლის წინა ხაზზე და მარტო. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, რომ ჩვენ მეტი ვერ შევძელით.

იქ, სადაც გაუქმებულია კანონი და ინსტიტუტები გაუქმებულია, ჩვენ ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს და არა პოლიციის. გუშინ ვნახეთ, რომ თითქმის არ იყო. ეს იყო შეკვეთა, რომ პოლიციას არ შეეჩერებინა აგრესორები. გუშინ ჟურნალისტებმა თავის თავზე გადაიტანეს უმძიმესი დარტყმა, რომელიც ველური ბრბოს მეშვეობით ხელისუფლებამ განახორციელა. ვწუხვარ, რომ ოპოზიციამ მეტი ვერ შევძელით. გუშინ მეც მხოლოდ კომენტარებით შემოვიფარგლე, მეტი ვერაფერი შევძელი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...