ნინო გოგუაძე: სააკაშვილი ვერ იქნება კოალიციისთვის კომპრომისული პრემიერი

გუბაზ სანიკიძეს შეუძლია იყოს მიშას პროპაგანდისტი. ის შედის „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში, როგორც მე ვხვდები. სააკაშვილი ალბათ იქნება „ნაციონალების“ პრემიერობის კანდიდატი, მაგრამ ის არის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ამიტომ ის ვერ იქნება კოალიციისთვის კომპრომისული პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ კოალიცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ნინო გოგუაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ მონაკვეთს:

_ „ნაცმოძრაობა“ არ მალავს, რომ ის უახლოეს დღეებში პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილს დაასახელებს. კოალიცია „ქართულ ოცნებიდან“ თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის იქნება სააკაშვილის პრემიერობის პროპაგანდისტი. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამაზე, დაუჭერთ თუ არა მხარს მის კანდიდატურას?

_ ძალიან ცალსახად ჩანს ჩემი პასუხი წინა კითხვიდანაც. გუბაზ სანიკიძეს შეუძლია იყოს მიშას პროპაგანდისტი. ის შედის „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში, როგორც მე ვხვდები. ჩვენ იმიტომ გავაკეთეთ კოალიცია „ევროპულ საქართველოსთან“, რომ მივიღოთ დაბალანსებული და კონსენსუსზე დაფუძნებული ხელისუფლება. სააკაშვილი ალბათ იქნება „ნაციონალების“ პრემიერობის კანდიდატი, მაგრამ ის არის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. მესმის, რომ ბევრი მომხრე ჰყავს და პატივს ვცემ იმ მოქალაქეებს, ვინც მისი მომხრეები არ არიან, მაგრამ ისინი არ არიან ამ ქვეყნის უმრავლესობა. მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიიღებს საკმარის ხმებს.

_ თუმცა ის არის მთავარი ოპოზიციური პარტია.

_ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია თუ არამთავარი.

_ ოპოზიციაში ექნება ხმების უმრავლესობა და ამ ფაქტორზე რას იტყვით?

_ მერე რა? კოალიცია იმის კოალიციაა, რომ ხმების უმრავლესობაც რომ ჰქონდეს მოპოვებული, კოალიცია უნდა შედგებოდეს კომპრომისებისგან. სააკაშვილი ვერ იქნება კოალიციისთვის კომპრომისული პრემიერ-მინისტრი. ჩემი პასუხი ძალიან ნათელია.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...