A2 ბანერი
A2 ბანერი

ნინო გოგუაძე: “ოცნება” ტოტალურ გაყალბებაზე არ წავიდეს, რევოლუციური სცენარს ვერ გადავიტანთ (ინტერვიუ)

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მისთვის სიახლე არაფერი ყოფილა. ამბობბს, რომ ივანიშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ის არის შეუზღუდავი ძალაუფლების მფლობელი.

გოგუაძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე არ წავიდეს, რადგან საქართველო კიდევ ერთ რევოლუციურ სცენარს ვერ გადაიტანს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდეს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ამის საფრთხეს ხედავს და ამისკენ ივანიშვილმა უბიძგა საზოგადოებას გუშინდელ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების დროს.

რა მთავარი გზავნილები დაინახეთ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუდან. იყო რამე სიახლე თქვენთვის?

ჩემთვის მოულოდენელი არაფერი არ ყოფილა, თუმცა ჩემთვის იყო უაღრესად შემაშფოთებელი. უბრალოდ, ჩემთვის არ იყო სიახლე, რადგანარასოდეს  ეჭვი არ მეპარებოდა ამაში. მხედველობაში მაქვს ის, რომ რაც ამ უმრავლესობაში ხდება, ყველაფერი რაც პროკურატურასა და სასამართლოში ხდება, ეს ყველაფერი ხდება ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილით. ეს გუშინ აბსოლუტურად ცხადად გვითხრა მან, რომ იგი არის აბსოლუტურად შეუზღუდავი ძალაუფლების მფლობელი. რომლის ხელშიც არის ყველაფერი ამ ქვეყანაში.

მან გვითხრა, რომ პროკურატურა მუშაობს მისი დავალებით. ფარცხალაძეზე საქმე არ აღძრა პროკურატურამ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ მიაჩნია მნიშვნელოვნად მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. ვერაფერს ვერ ხედავს ფარცხალაძის საქმიანობაში ისეთს, რომ პროკურატურამ საქმე აღძრას.

მან ასევე გვითხრა, რომ ბურჭულაძის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა დიახ, მისი მითითებით. ის, რომ პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგით მოქმედებს, გუშინ მან ეს სრულიად ცხადად გვითხრა.

ივანიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ შეარჩია. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ამაში, მათ შორის მეც მქონდა კითხვები როგორ შეარჩია ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილი-მეთქი, მაგრამ გუშინ ყველასთვის ყველასთვის ცხადი გახდა, რომ სწორედ ის მესიჯები შეათანახმა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი იყო – თითქოს 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

თუმცა, დაზუსტება შეიტანა საქართველოს არ დაუწყია, მაგრამ სააკაშვილი შემოუძღვაო…

კი, მაგრამ მერე გააგრძელა, რომ საქართველომ დაიწყოვო. მასთან ერთადაც მიმუშავია. ამ თემაზეც ბევრი გვისაუბრია და მან ზუსტად იცის, რომ საქართველოს და სააკაშვილის დადანაშაულება ომის დაწყებაში ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება.

მაშინაც იგივე პოზიცია ჰქონდა?

არა. თითქოს პრობლემად უფრო გამოაჩენდა ხოლმე ამას. მაშინ შევთანხმდით შედარებით ნეიტრალურ ფორმულირებაზე, რომ მან ვერ აარიდა საფრთხე საქართველოს მოსახლეობას. ასეთი ფორმულირება იყო და იქ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ვერ დაიცვა მოსახლეობა და შეატოვა პირდაპირ რუსეთის ჯარს. რასაკვირველია ბევრი კითხვებია. მაგრამ არა იმ კონტექსტში, ვინ დაიწყო ომი. ომი დაიწყო რუსეთმა! ვინც ამბობს, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა ანუ საქართველომ, ეს არის პუტინისთვის გაგორებული მესიჯი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანია ის, რაც მის არათანმიმდევრულობაზე მეტყველებს. მხედველობაში მაქვს ის, რომ გახსოვთ, ივანიშვილმა თქვა, რომ სიღარიბე დაუმალეს და unicef-ის დასკვნის შედეგად აღმოაჩინა და რამდენიმე ღამე არ ეძინა, რომ ჩვენი მოსახლოება ასეთი გაღარიბებულია და ამის გამო მოხსნა კვირიკაშვილი. გუშინ გვითხრა, რომ სიღარიბე თავად მოსახლეობის და მათი უნიათობის ბრალია და ამ ღარიბ მოსახლეობას შურს იმ ადამიანების, ვინც ქონება დააგროვა. პრეზიდენტს უთვლიდან სახელმწიფო რეზიდენციის კვადრატულებს და გუშინ კერძო სახლების კვადრატულები დაგვითვალა და გვითხრა როგორ შეიძლებოდა ამ ქონების კანონიერად შეძენა. გვითხრა, რომ ამ აქვეყანაში სიღარიბე არ არსებობს. „რუსთავი 2“ ამძიმებს სიტუაციასო. „რუსთავი 2“ რომ გამოვრთო, დაინახავთ, როგორი აღმშენებლობა მიმდინარეობს ქვეყანაშიო. ეს არის მაგალითი იმისა, რამდენად არათანმიმდევრულია თავისივე მოსაზრებებში.

მან „რუსთავი 2“-ის თემაზე სხვა კონტექსტშიც ისაუბრა. აღიქვით ეს მედიაზე ზეწოლად?

ეს იყო დაუფარავი მუქარა და შეტევა „რუსთავი 2“-ზე. მე არაერთხელ მითქვამს, რომ დიახ, ხელისუფლება ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა მიიტანა შეტევა „რუსთავი 2“-ზე, როგორც მისგან დამოუკიდებელ მედიაზე. ახსენა 1 წელი, რაც სჭირდება „რუსთავი 2“-ის გასაჩერებლად. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ახლა მაინც გამოსწორდება და მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა „რუსთავი 2“ და მოსწონს თუ არა სხვა მედია, ყველა მედიისა და სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დადგება, რადგან ეს არის ერთადერთი, რაც ამ თავგასულობას, ამ კანონის მიღმა მოქმედებას ამ სახელმწიფოში ფარდას ახდის.

როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება გააჩეროს ან შეცვალოს „რუსთავი 2“?

მე ეს ძალიან ძნელად წარმომიდგენია, მაგრამ მე არ ვიცი მისი პიარ-ჯგუფის სტრატეგია და მე არ ვიცი როგორი მზაკვრული გეგმა შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ, ყველაზე მეტი ძალა აქვს დამოუკიდებელ თავისუფალ ადამიანებს. ამ ადამიანებს არ ეშინიათ არც ძალაუფლების და არც 7 მილიარდის. ქვეყანა არც ივანიშვილის არის და არც სააკაშვილის, ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა დავაყენოთ ქვეყანა სამართლებრივი და დემოკრატიული განვითარების გზაზე.

არ შემიძლია არ შევეხო კიდევ ერთ საკითხს. ეს იყო ყველაზე მძიმე და ყალბი ის ფაქტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს შეახსენეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. მან ვითომ ვერ გაიხსენა და არ იცოდა რას და ვის ეხებოდა საქმე. ყველაზე მძიმე ჩემთვის ის იყო, რომ რომელიმე ჟურნალისტს დაესახელებინა იმ ჟურნალისტის გვარი, რომლის წინააღმდეგაც სამოქალაქო მკვლელობის აქტი განხორციელდა ამ ცანაწერების გამოქვეყნებით. მადლობა ჟურნალისტებს, რომ მათ ეს არ გააკეთეს, მაგრამ მე ასეთი ყალბი არ მინახავს არასდროს, როგორც იმ პასაჟის დროს იყო.

ბოლოს გვითხარით, რას ელოდებით ამ არჩევნებისგან და ხომ არ დგას ქვეყანა რევოლუციური სცენარის ზღვარზე?

მე ველოდები, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მით უფრო „ქართული ოცნების“ მომხრე გამოვა და უარს ეტყვის ივანიშვილს ამ სრულიად ავტორიტარულ-ფეოდალურ მმართველობას და მხარს დაუჭერენ დავით უსუფაშვილს. უსუფაშვილი იბრძოდა ხალხთან ერთად სააკაშვილის წინააღმდეგ და იბრძოდა უკეთესი საქართველოსთვის.

თუმცა, სოციოლოგიური კვლევებით სხვა სურათი იკვეთება…

არა უშავს, არავინ არ იცის რა მოხდება არჩევნებზე. ხელისუფლებას ვურჩევ, რომ არ წავიდეს ტოტალურ გაყალბებაზე, რადგან ამ სახელმწიფოს არ სჭირდება რევოლუციური სცენარი. უმნიშვნელოვანესია, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს არჩევნების გზით და მშვიდობიანად. ეს ქვეყანა კიდევ ერთ ასეთ შენჯღრევას ვერ გადაიტანს.

ამ ზღვარზე დგას ქვეყანა დღეს?

გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაფერზე წამსვლელია აბსოლუტური ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ამიტომ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მან უბიძგოს მოსახლეობას აქეთკენ. ამის მიუხედავად ჩვენ ყველამ გონიერება უნდა გამოვიჩინოთ. რევოლუციური სცენარი არ შეიძლება საქართველოში. ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლება ნელ-ნელა უნდა წავართვათ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები

ხვალ, 22:00 საათზე “იმედის” კითხვებს ბიძინა ივანიშვილი უპასუხებს

ხვალ, სამშაბათს, საღამოს 22:00 საათზე, ტელეკომპანია იმედს გადაცემაში სტუმრად ბიძინა ივანიშვილი ეყოლება.

სააკაშვილი: ივანიშვილს ისე მოვატანინებ მილიარდნახევარ ლარს, როგორც დაგიბარებია!

"მე გაძლევთ გარანტია, როგორც კი მოვა გაერთიანებული ოპოზიცია და მე აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესებში და როგორც კი…

სააკაშვილი: ივანიშვილის საყურადღებოდ, ქართველ ებრაელებში მე ათჯერ უფრო პოპულარული ვარ

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერ.

ზურაბიშვილი ახალ ბანერზე: ძალიან ბედნიერი ვარ, ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა", - ასე აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე…

“2016 წლის შემდეგ ირაკლი ალასანია თვალითაც არ მინახავს”-ინტერვიუ გია…

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი ყოფილ თანაპარტიელს ირაკლი ჩიქოვანს მხარდაჭერას…

გია ცაგარეიშვილი: “ოცნების” ლიდერებთან კომუნიკაცია მაქვს

კომუნიკაცია მქონია და მაქვს, - ასე პასუხობს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი გია ცაგარეიშვილი…

მეჭიაური: ვეხმაურები ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას, გავდივარ შვებულებაში და ვერთვები…

"ვეხმაურები რა ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას, გავდივარ შვებულებაში და ჩემს თანაპარტიელებთან ერთად ვერთვები აქტიურ…

ნინო გოგუაძე: ირაკლი ალასანიას “ოცნებაში” მობრუნებას გამოვრიცხავ!

“ირაკლი ალასანიას “ოცნებაში” მობრუნებას გამოვრიცხავ. რაც შეეხება იმას, ვისთან მიდიოდა მოლაპარაკება, ეს რა თქმა უნდა…

ნინო გოგუაძე: ვაშაძის მხარეს არის აბსოლუტური ძალაუფლებით შეპყრობილი სააკაშვილი

"ირაკლი ალასანიას "ოცნებაში" მობრუნებას გამოვრიცხავ. რაც შეეხება იმას, ვისთან მიდიოდა მოლაპარაკება, ეს რა თქმა უნდა…
კომენტარები
იტვირთება...