ნინო გოგუაძე: კორუფციულ სქემებში კვირიკაშვილის მონაწილეობას 1 წამითაც არ ვუშვებ

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში კორუფცია დაბრუნდა.

როგორც მან "აიპრესს" უთხრა, ის არ იცნობს ქუმსიშვილსა და ალავიძეს და არ იცის მონაწილეობდნენ თუ არა ისინი კორუფციულ გარიგებებში, თუმცა პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ის გიორგი კვირიკაშვილის კორუფციულ სქემებში მონაწილეობას საკუთარი გამდიდრების გამო, ერთი წამითაც არ უშვებს. 

ასე უპასუხა მან ჩვენს კითხვას იმაზე, რომ ივანიშვილის ინტერვიუში კვირიკაშვილზე გაკეთებულ განცხადებებში ხომ არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა გამოძიებამ კვირიკაშვილიც დაკითხოს.

"დიახ. როგორ არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დაკითხვაზე მისვლა შესაძლოა კვირიკაშვილსაც მოუწიოს. მეტს გეტყვით, მე დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველოში დაბრუნდა კორუფცია. ეს დიდი ხანია ვიცი. ეს იყო ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს. ყველას კარგად გვახსოვს ე.წ. კახელების კარტერი. იყო მრავალმილიონიან კორუფციაზე ლაპარაკი, მაგრამ სამწუხაროდ საქმე არ აღიძრა. ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი. 

რაც შეეხება კვირიკაშვილის თემას. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ქუმსიშვილსა და ალავიძეზე. ამ ადამიანებს მე არ ვიცნობ. ის, რომ კვირიკაშვილი მონაწილეობდა კორუფციულ სქემებში საკუთარი გამდიდრების მიზნით, ამას ერთი წამით არ ვუშვებ. დიახ, კვირიკაშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია პირადი შურისძიებაა და მისი რეპუტაციის შელახვა. თუ შესაძლებლობა ექნებათ პროკურატურაში აუცილებლად დაიბარებენ. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს სამართლებრივი დევნა? – მე სულ მომაქვს "კაბელების საქმის" მაგალითი.

ზუსტად ვიცი, რომ ეს თავიდან ბოლომდე იყო პოლიტიკური საქმე, რომელიც ალასანიას წინააღმდეგ გამოიყენეს. როდესაც პროკურატურა პოლიტიზირებულია, როდესაც სასამართლო არ არის თავისუფალი და შერჩევითი სამართალია ალავიძისა და ქუმსიშვილის წინააღმდეგ მართლაც რომ იყოს კორუფციული ნიშნები ასეთი პოლიტიზირებული სამართლებრივი ინსტიტუტების გამო ვერ გავიგებთ მართლა კორუფცია იყო თუ შეკვეთილი პოლიტიკური საქმე.  რასაკვირველია ვიცით, რომ კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, მაგრამ დიდი უბედურება ისაა, რომ ვერ გავიგებთ რასთან გვაქვს, რადგან პროკურატურას იმდენად აქვს ნდობა დაკარგული და იმდენად არსებობს ეჭვი პოლიტიკურ შეკვეთებზე. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პროკურატურის ხელში ნამდვილ დამნაშავეების მიმართაც კი ვერ დაიდო დამაჯერებელი მტკიცებულებები", – განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად