ნინო გოგუაძე: ირაკლი ალასანია 2020-ის არჩევნებისთვის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ირაკლი ალასანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

როგორც ნინო გოგუაძემ „აიპრესს“ უთხრა, 2020-ის არჩევნების შემდეგ მიიღებს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თავად განაცხადებს.

„მე თქვენთან არაერთხელ მითქვამს და მითქვამს გადაჭრით, რომ ირაკლი ალასანია 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. 2020 წლის შემდეგ რა იქნება, ეს არის ირაკლი ალასანიას გადასაწყვეტი. კიდევ ერთხელ განვმარტავ თქვენთან საუბრისას, რომ ახლა ირაკლი ალასანია არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და თუ შემდეგ მიიღებს პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას, ამის შესახებ ის თავად განაცხადებს“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კითხვაზე, ალასანია იმყოფებოდა საქართველოში და ჰქონდა მასთან საუბარი? – გოგუაძე პასუხობს:

„როგორ არა. ის არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. მე მასთან მაქვს ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა. 3-ში გაფრინდა საქართველოდან, ახლა ის არ არის თბილისში, მანამდე კი, გაფრენის წინ მქონდა მასთან საუბარი. მე მასთან ვსაუბრობ ძალიან ბევრ თემაზე და საერთოდ ვცდილობ, რომ პოლიტიკური საკითხებით არ გადავტვირთო ჩვენი საუბარი. ირაკლი ალასანია არის ჩემი მეგობარი და ჩვენ პოლიტიკურის გარდა ძალიან ბევრი შეხების წერტილი და საინტერესო სფეროები გვაქვს“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო 20/20-მა გაავრცელა. მედიასაშუალების ცნობით, ალასანია ნოემბერში გააკეთებს განცხადებას. თუმცა, ამ ინფორმაციას ნინო გოგუაძე კატეგორიულად უარყოფს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად