ნინო გოგუაძე ელისაშვილსა და ჯაფარიძეზე: პატივს ვცემ ადამიანის თავისუფალ ნებას

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ მათ თავისუფლად და მშვიდად მიიღეს “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძისა და “საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებები, როდესაც მათ მეორე ტურში შალვა შავგულიძეს მხარდაჭერა არ გამოუცხადეს.

როგორც ნინო გოგუაძემ “აიპრესს” განუცხადა, ის პატივს სცემს ადამიანების თავისუფალ ნებას. მისივე თქმით, ამომრჩეველი თავისუფალ არჩევანს ლიდერების მოწოდებების გარეშე გააკეთებენ.

“ჩვენ აბსოლუტურად თავისუფლად და მშვიდად მივიღეთ როგორც “გირჩის”, ისე ელისაშვილის განცხადებები. თავისუფალი ადამიანები არიან და აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ განცხადებები. მე პატივს ვცემ ადამიანის თავისუფალ ნებას. მათი პოლიტიკური არჩევანია ეს.

რაც შეეხება ამომრჩევლებს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც თავისუფალი ადამიანები არიან და ლიდერების მოწოდების გარეშეც შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ. მაშინ, როდესაც არჩევანი ასეთი ნათელია წესიერებასა და უწესობას შორის, უკომპრომისობასა და კონფორმიზმს შორის, სამართლის უზენაესობასა და მურუსიძე-ივანიშვილის კლანის მმართველობას შორის”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენნებთ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ხალხს ჰკითხავენ დაუჭერენ თუ არა მხარს შალვა შავგულიძეს. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს ის გაცილებით რადიკალური იყო და შავგულიძეს “ევროპული საქართველოს” ფასადზე გამოდებული თოჯინა უწოდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...