ნინო გოგუაძე და ირინე ფრუიძე ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ.

პარლამეტის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის კონგრესის წევრებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კონგრესის კვლევითი და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ პირებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ შორის, კონგრესმენ დევიდ პრაისთან, პიტერ როსკამთან, სუსან დევისთან, გვენ მურთან, ასევე IRI-ს პრეზიდენტ დანიელ ტვინინგთან, NED-ის პრეზიდენტ კარლ გერშმანთან და სხვა.

შეხვედრებისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, ამერიკის მხარდაჭერას და როლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების საკითხებში. მხარეებმა ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეტი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობები.

ქართველმა კანონმდებლებმა ისაუბრეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ფარგლებში, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის კონგრესს შორის თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შექმნაზე.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა შეხვედრას თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობა მოაქვს. ამ შეხვედრებზე, ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ვიმსჯელეთ ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გაძლიერებას. ამ საკითხზე მუშაობს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერა უფრო დინამიურს გახდის ამ პროცესს.“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ირინე ფრუიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. „მისი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართ მრავალ მნიშვნელოვან პროექტში გამოიხატება. ამ თანამშრომლობის გასამყარებლად და გასამრავალფეროვნებლად აუცილებელია საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესს შორის მეტი კავშირების დამყარება. ჩვენი ვიზიტის დროს საინტერესო დისკუსიები გაიმართა პარლამენტის გაძლიერების, პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ჩართულობის გაზრდის და ქვეყნის მდგრადი განვითარების შესახებ“, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.

პარლამენტის წევრების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ-ს კონგრესის House Democracy Partnership – ის მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად