ნინო გოგუაძე: ჩვენი ყოფილი პარტიის პროცესებში “ოცნების” ხელი ურევია, კონკრეტული კომუნიკაციებიც ვიცი (ინტერვიუ)

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე, რომელმაც პარტია რამდენიმე დღის წინ პარტიაში მიმდინარე დაძაბულობის შემდეგ დატოვა „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ მისი პოლიტიკური იდენტობის შემადგენელი ნაწილია და ეს გადაწყვეტილება მისთვის ძალიან მძიმე იყო. გოგუაძე იმასაც ამბობს, რომ რაც 2016 წელს მოხდა, იგივე სულისკვეთება დატრიალდა პარტიაში ახლაც.

ნინო გოგუაძე ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობა უცვლელი რჩება და თუ აქამდე უნდა ყოფილიყო კოალიციის წევრი „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით, ახლა უპარტიო სტატუსით იქნება. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს არ უჭერს.

როგორ აფასებს „ოცნების“ კამპანიას – „მიშა მოდის“, ოპოზიციის ნაწილიც ხომ არ უწყობს ამ კამპანიას ხელს, უჭერს თუ არა მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის კანდიდატად მხარს და რა მოხდა აწ უკვე მის ყოფილ პარტიაში? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ნინო გოგუაძე „აიპრესთან“ ინტერვიუში საუბრობს:

_ „ქართული ოცნების“ ლიდერისგან მოვისმინეთ განცხადებები და დაიწყო ის კამპანია, რასაც პრინციპში ყველა ელოდა – ისევ „მიშა მოდის“ ძახილით. ამჯერადაც მოიტანს ეს „ოცნებისთვის“ შედეგს? ყოველ შემთხვევაში მოუტანს თუ არა გამარჯვებას მას?

_ იცით რა? ეს ყველასთვის მოსალოდნელია. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთადერთი რაღაცით წარმართავს ხოლმე საარჩევნო კამპანიას – ეს არის მიშას და ბიძინას პერსონები. თითქოს არსებობს სიკეთე და ბოროტება და ბიძინა სიკეთეა, ხოლო მიშა ბოროტება. ასეთ წარმოდგენას აკეთებს და ჰიპნოზს აკეთებს, რომ მე თუ არ ამირჩევთ, მიშა მოვა აუცილებლადო. საზოგადოებას ჰყოფს მიშას მომხრეებად და მიშას დაბრუნების მოწინააღმდეგეებად.

ადრეც ვამბობდი, რომ მოქალაქეებს უკეთებს ჰიპნოზს, რომ თითქოს ამ ქვეყანაში სხვა არავინ არის, არის მხოლოდ ბიძინა და მიშა. ეს რა თქმა უნდა საშინელებაა და ეს არის არქაიზაცია. არჩევნები იმის არჩევნები არ არის, რომ ვინმეს მხარეს იყო.

_ თუმცა დამეთანხმებით ალბათ, რომ ამ კამპანიის წარმართვაში ხელისუფლებას ხელს უწყობენ ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც, თავად მიშას ჩათვლით.  

_ რა თქმა უნდა, ეს სტრატეგია ოპოზიციის ნაწილსაც აწყობს და აწყობს ბიძინასაც. ასე, რომ დიახ ეს არჩევნები იქნება წარმოჩენილი, თითქოს ბიძინას და მიშას დაპირისპირებაა, მაგრამ სინამდვილეში არჩევნებით შენ აყალიბებ შენი მომავალი 4 წლიან ცხოვრებას. უნდა აირჩიო ძალა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს და აქვს ამის კომპეტენცია.

ჩვენ იმისთვის ვიბრძოდით პროპორციულისთვის და იმიტომ მოვიპოვოთ მასთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა, რომ სწორედ ეს საშინელი ტრადიცია, რომელიც არის საბჭოთა მემკვიდრეობა დაგვესრულებინა. როდესაც არის ერთი პარტია, ან სულაც ერთი პირი ხელში იგდებს აბსოლუტურ ძალაუფლებას. აი ეს ტრადიცია უნდა დამთავრდეს. ამიტომ მოქალაქეებმა არჩევანი ორ პიროვნებას შორის კი არ უნდა გააკეთოს, არამედ აირჩიოს მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულყოფილად გადმოსცემს, ჩვენი მრავალფეროვანი მოქალაქეების მისწრაფებებს და გასაჭირს.

რაც არ უნდა იძახოს ბიძინამ, რომ მიშა მოდის და დავამარცხოთ მიშა, ეს არჩევნები არ იქნება მიშას და ბიძინას შორის არჩევნები. ეს იქნება პროპორციული არჩევნები. მოქალაქეების დაკვეთაა, რომ ერთპარტიული დიქტატურა დასრულდეს და უმრავლესობაში მოსულმა კოალიციამ კონსენსუსებით მართოს ქვეყანა.

_ „ნაცმოძრაობა“ არ მალავს, რომ ის უახლოეს დღეებში პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილს დაასახელებს. კოალიცია „ქართულ ოცნებიდან“ თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ ის იქნება სააკაშვილის პრემიერობის პროპაგანდისტი. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამაზე, დაუჭერთ თუ არა მხარს მის კანდიდატურას?

_ ძალიან ცალსახად ჩანს ჩემი პასუხი წინა კითხვიდანაც. გუბაზ სანიკიძეს შეუძლია იყოს მიშას პროპაგანდისტი. ის შედის „ნაციონალების“ საარჩევნო სიაში, როგორც მე ვხვდები. ჩვენ იმიტომ გავაკეთეთ კოალიცია „ევროპულ საქართველოსთან“, რომ მივიღოთ დაბალანსებული და კონსენსუსზე დაფუძნებული ხელისუფლება. სააკაშვილი არის „ნაციონალების“ პრემიერობის კანდიდატი, მაგრამ ის არის ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. მესმის, რომ ბევრი მომხრე ჰყავს და პატივს ვცემ იმ მოქალაქეებს, ვინც მისი მომხრეები არ არიან, მაგრამ ისინი არ არიან ამ ქვეყნის უმრავლესობა. მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მიიღებს საკმარის ხმებს.

_ თუმცა ის არის მთავარი ოპოზიციური პარტია.

_ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია თუ არამთავარი.

_ ოპოზიციაში ექნება ხმების უმრავლესობა და ამ ფაქტორზე რას იტყვით?

_ მერე რა? კოალიცია იმის კოალიციაა, რომ ხმების უმრავლესობაც რომ ჰქონდეს მოპოვებული, კოალიცია უნდა შედგებოდეს კომპრომისებისგან. სააკაშვილი ვერ იქნება კოალიციისთვის კომპრომისული პრემიერ-მინისტრი. ჩემი პასუხი ძალიან ნათელია.

_ ახსენეთ „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიცია. კი ბატონო თავის დროზე მასთან ერთად შექმენით კოალიცია, მაგრამ ცოტა ხნის წინ დატოვეთ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. დღეს „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის ფორმატში ხართ?

_ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღეთ მე და შალვა შავგულიძემ. ჩვენ ვიყავით ამ პარტიის დამფუძნებლები. არა მხოლოდ პარტიის. თავის დროზე ირაკლი ალასანიამ გუნდი როცა შექმნა, 8 წევრიანი გუნდი, მაშინ მე და შალვა შავგულიძეც ვიყავით იმ გუნდის წევრები, რომლის საფუძველზეც მერე შეიქმნა პოლიტიკური პარტია, რომელშიც მე ვიყავი უცვლელი პოლიტიკური მდივანი. ასე, რომ ჩემი პოლიტიკური იდენტობის შემადგენელი ნაწილია ეს პარტია, მაგრამ როდესაც ხვდები, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ძალიან არაჯანსაღი პოლიტიკური სიტუაცია იქმნება პარტიაში და როდესაც ხვდები, რომ დაახლოებით იგივე სიტუაციაა შექმნილი, რაც შეიქმნა 2016 წელს, როდესაც უახლოეს მეგობრებს შორისაც კი ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან სიახლოვე მათთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე პარტიის პრინციპების და მეგობრობაც კი.

ზუსტად იგივე სულისკვეთება დატრიალდა დღესაც ამ პარტიაში. ახლა არ იყო ის დრო, რომ მე შალვა შავგულიძესა და სანდრო ბარამიძეს პარტიისთვის გვებრძოლა. სწორედ ეს უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ასეთ პატარ-პატარა ბრძოლებში ჩაგვითრიოს და აგვაცილოს მიზანს. ეს არის მათი მართვის სტილი. ალბათ ეგონათ, რომ პარტიის გულისთვის დავიწყებდით რეგიონებში სიარულს და ამ უცხო ადამიანებთან ბრძოლას.

_ ანუ, „თავისუფალ დემოკრატებში“ მიმდინარე პროცესებში „ქართული ოცნების“ ხელი დაინახეთ?

_ მარტო კი არ დავინახე, კონკრეტული კომუნიკაციებიც კი ვიცი, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ. არ მაინტერესებს. ამ მომენტში, როცა ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნებია, ვერავინ ვერ შეგვიყვანს იმ მახეში, რომ რაღაცა ბრძოლები გავმართო, თან სრულიად უცხო ადამიანებთან, რომლებთანაც არაფერი არ მაკავშირებს. არ ყოფილან პარტიაში გასული 4 წლის განმავლობაში. 2 ადამიანი დაბრუნდა არჩევნებამდე 4 თვით ადრე, შექმნეს რაღაც ხელოვნური უმრავლესობა და გამართეს ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ.

ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. ახლა ჩვენ ვართ უპარტიო პოლიტიკოსები, ჩვენ არ შევსულვართ პარტია „ევროპულ საქართველოში“. როგორც ადრე უნდა ვყოფილიყავით კოალიცია და მე და შალვა შავგულიძე უნდა ვყოფილიყავით, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები, ახლა ვიქნებით უპარტიო წევრები.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიული კოალიცია მაინც სხვა რამეა, მათ მაინც არ შეგვიცვალეს პირობები, კარგად გაიგეს ჩვენ პარტიაში შექმნილი სიტუაცია და დავრჩით ისეთივე პარტნიორები. დიახ, ჩვენ არჩევნებზე „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად გამოვალთ.

_ „ევროპული საქართველოს“ გუნდთან ერთად თუ გიმსჯელიათ პრემიერმინისტრობის თქვენ კანდიდატზე და თუ აპირებთ მის დაყენებას არჩევნების შემდეგ თუ ასეთი რეალობა დადგება?

_ თუ რეალობა დადგება, დავაყენებთ კანდიდატს. ვუყურებთ, რომ ყველა აყენებს თავის პრემიერობის კანდიდატს. ალბათ „ევროპული საქართველოც“ დააყენებს თავის კანდიდატს.

_ დავით ბაქრაძე იქნება?

_ ვერ გეტყვით ჯერ. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

ყოველ ჯერზე „ევროპული საქართველო“ ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად მათი კანდიდატი იქნება პრემიერი. იმიტომ, რომ კოალიცია მოითხოვს კონსენსუსს და თუ კონსენსუსის შედეგად გამოიკვეთა ყველასთვის მისაღები კანდიდატურა, მაშინ რა თქმა უნდა „ევროპული საქართველო“ ამ კონსენსუსურ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ასე, რომ პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით ყველაზე მოქნილი პოზიცია „ევროპულ საქართველოს“ აქვს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად