ნინო ბურჯანაძე: თურმე პრეზიდენტიც გვყავს, ერთადერთი ეს გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “აიპრესთან” ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტმა ბურჯანაძის კომენტარზე ისაუბრა.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის პასუხი აუცილებლობად არ მიაჩნია.

“სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილისთვის პასუხი არ მიმაჩნია აუცილებლობად. ერთადერთი, რაც ამ განცხადებამ გააკეთა არის ის, რომ პრეზიდენტიც გვყავს თურმე. მაგრამ მართალია ეს, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდებაო”, – თქვა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ჭორვილასთან დაკავშირებულ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე “აიპრესთან” განმარტება გააკეთა და თქვა:

“ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ივანიშვილი ჭორვილაში იმიტომ კი არ ცხოვრობდა, რომ ყველაზე კარგი პატრიოტია თავისი სოფლის და ყველაზე მეტად უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა დაცვა და ერთადერთი ყველაზე დაცული ადგილი მისთვის სწორედ რომ ჭორვილა იყო 15 წლის განმავლობაში. იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. აი ეს იყო განცხადება და განცხადების საფუძველი, რაც მე გავაკეთე და არა ის, რომ ჭორვილა მოვიხსენიე ცუდ კონტექსტში”, – თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა: ნორმალური ფსიქიკის მილიარდერი ადამიანი ოჯახს 15 წელი ჭორვილაში აცხოვრებს?! დაცვის გარანტია მხოლოდ იქ ჰქონდა! რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!

ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად