ნინო ბურჯანაძე: თუ უფლებამოსილი ვიქნები, ოკუპაციას შევაჩერებ

თუ უფლებამოსილი ვიქნები, ოკუპაციას შევაჩერებ, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ბურჯანაძე იმასაც ამბობს, რომ აფხაზებთან და ოსებთან ჩატეხილი ხიდები უნდა აღდგეს. მათ შორის საუბრობს სახალხო დიპლომატიაზეც და პოლიტიკოსებთან საუბარზეც, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას არ ნიშნავს.

ნინო ბურჯანაძე: რაც შეეხება ოკუპაციას, აქ პრინციპული და გადამწყვეტი როლი აქვს რუსეთის პოლიტიკას. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ პრინციპული მოლაპარაკებები არა მარტო რუსეთთან, არამედ თანმიმდევრული დიალოგი ვაწარმოოთ აფხაზეთთან და ოსეთთან. ჩატეხილი ხიდების აღსადგენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

_ სახალხო დიპლომატიას გულისხმობთ?

_ არა მხოლოდ. მათ შორის პოლიტიკოსებთან საუბარსაც. რა თქმა უნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აღიარებას, მაგრამ ეს ნიშნავს მოლაპარაკების დაწყებას, რომ პრობლემები თანდათანობით მინიმუმამდე დავიდეს. ამავე დროს, ყველა საერთაშორისო ფორმატი ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის ჟენევის ფორმატი. თუმცა, ის რომ ეს ფორმატები საკმარისი არ არის და მას სჭირდება ორმხრივი ფორმატის დამატება რუსულ-ქართული უმაღლესი დიალოგის სახით, ეს არის ფაქტი.

_ მართლა გჯერათ, რომ მცოცავ ოკუპაციას შეაჩერებთ და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება შესაძლებელია?

_ კი არ მჯერა, ვიცი რომ შევაჩერებ. თუ ვიქნები უფლებამოსილი, ქართველი ხალხის სახელით ველაპარაკო რუსეთის ხელისუფლებას. გჯერა, არ გჯერა, მოგწონს, არ მოგწონს, ოცნებობ, არ ოცნებობ… ეგ კითხვები „ქართულ ოცნებასთან“. მე ვიცი, რასაც ვამბობ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად