ნინო ბურჯანაძე: შეუძლებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ცოდვებთან დაკავშირებით ბრალდებები წაუყენო ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას

 ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნიკა მელიას რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, მართლა არ მესმის. მის მიმართ არ არის არანაირი პრეტენზიები. შეუძლებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ცოდვებთან დაკავშირებით ბრალდებები წაუყენო ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას და პირობითად, თინა ბოკუჩავას, რომელიც კენჭს არ იყრის, მაგრამ არის იმ პარტიაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შერჩევითი სამართალი განახორციელა.

„მაგალითად, გიგი უგულავა მესამედ დაიჭირეს ერთი და იმავე დანაშაულისთვის და დაიჭირეს მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკურად არ უნდა ეაქტიურა. უგულავამ იაქტიურა და ამიტომ დაიჭირეს. ეს, რა თქმა უნდა, შერჩევითი სამართალია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა ამავე კონტექსტში გიორგი რურუას დაჭერას, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მის დაჭერასაც იმავე კონტექსტში განიხილავს.

„სამწუხაროდ, ასეა. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლის შემდეგ ალაპარაკდა რურუას ნამდვილ, არსებულ თუ არარსებულ დანაშაულებზე. მე ეს არ ვიცი და უდანაშაულობის პრეზუმფციას ხომ ვერ დავარღვევ?! ჭორები გვსმენია მეც, თქვენც და საზოგადოებასაც, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ამაზე რვა წელი არ ულაპარაკია და მას შემდეგ გაახსენდა, რაც რურუამ „მთავარი არხის“ დაფინანსება დაიწყო. ეს არ არის სამართლიანობა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად