ნინო ბურჯანაძე: საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოსათვის დაღუპვაა

“ეს ხელისუფლება ყველაფერს არასწორად აკეთებს და რატომ უნდა ავიღო მე ეს პასუხისმგებლობა და რატომ უნდა გავიზიარო ეს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში თუ კოალიციურ მთავრობას მხარს დავუჭერ”, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მას რომ დაენახა, რომ ხელისუფლების მოქმედების ძირითადი ხაზი სწორია, მაშინ მზად იქნებოდა პასუხისმგებლობის გაზიარებაზე.

კითხვაზე, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და “ევროპულ საქართველოსთან” ერთად კოალიციაში რომ არ შევა, ეს გასაგებია, მაგრამ შევა თუ არა “ქართულ ოცნებასთან” ერთად კოალიციაში? – ნინო ბურჯანაძე პასუხობს:

“ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ დათმობაზე წასულიყო, რათა პროპორციული სისტემა შემოეღო, რაც ძალიან დიდი მონაპოვარია. ამავდროულად, შემოგთავაზა 0 პროცენტიანი ბარიერი ამ არჩევნებზე. ამას ჩვენ არ ვითხოვდით, თუმცა უკეთესია, ვიდრე ეს 3%-იანი ბარიერია. ამავდროულად შევთავაზეთ ასეთი წინადადება, რომ თუ თვლით, რომ 3%-იანი ბარიერი კარგია 2020 წელს, მაშინ რატომ არ უნდა იყოს იგივე სისტემა 2024 წელს. მას ო პროცენტიანი ბარიერი შემოაქვს მხოლოდ და მხოლოდ 2020 წლის არჩევნებზე, ხოლო შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს 5%-იანი ბარიერით.

ეს ხდება იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ იცის, რომ თუ მინიმალური სტანდარტებითაც კი ჩატარდა არჩევნები ის ვერ აიღებს უმრავლესობას. ხოლო თუ მინიმალური სტანდარტებით არ ჩაატარა არჩევნები, ამას მოყვება რევოლუცია და იმედი მაქვს, რომ ამას აცნობიერებს ქართული ოცნება. შესაბამისად, “ოცნება” უნდა შეეცადოს, რომ 1-2 კაცით გასული პარტიებისგან მან შეაკოწიწოს კოალიციისთვის აუცილებელი რაოდენობა, ხოლო თუ მას წინააღმდეგობას გაუწევენ, ანუ თუ ფულზე არ გაიყიდებიან, ასეთ შემთხვევაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, რომელიც უკვე 5%-იანი სისტემით ჩატარდება და 1-2 მანდატით პარლამენტში შესულ პარტიებს 5%-იან შემთხვევაში პარლამენტში შესვლის შანსი აღარ ექნებათ. ამიტომ, ხელისუფლება იტოვებს ასეთი კოალიციის შექმნის შესაძლებლობას.

თვითმიზანი არ შეიძლება იყოს კოალიციაში შევლა, ან არშესვლა. ეს ჩვეულებრივი კულტურაა ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოსათვის საპარლამენტო რესპუბლიკა დაღუპვაა და ძალიან მძიმე პრობლემების მომტანი. შემდეგი არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, რამდენადაც რთული იქნება კოალიციების შექმნა. მაგრამ, მე რასაც ვხედავ ეს ხელისუფლება ყველაფერს არასწორად აკეთებს და რატომ უნდა ავიღო მე ეს პასუხისმგებლობა და რატომ უნდა გავიზიარო ეს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში თუ კოალიციურ მთავრობას მხარს დაუჭერს ესა თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია. ყველაფერს კარგად ვერცერთი ხელისუფლება ვერ გააკეთებს, მათ შორის ვერც ის, როცა მე ვიქნები ხელისუფლებაში, მაგრამ მე რომ დამენახა, რომ ძირითადი ხაზი სწორია, მაშინ მზად ვიქნებოდი პასუხისმგებლობის გაზიარებაზე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად