ნინო ბურჯანაძე: “ქართულ ოცნებას“ თუ კოალიციაში, ჩემი ხმები დასჭირდება, არ ვაპირებ, მათ ეს ხმა მივცე

ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე ძალიან შემეხვეწოს. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ შეძლებს, მე არ ვაპირებ ფეოდალური მმართველობის გაგრძელებას ხელი შევუწყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კოალიციაში პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ, მათ ეს ხმა მივცე. იმიტომ, რომ მმართველობის სტილი, რაც მათ აქვთ, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ნინო  ბურჯანაძემ.

მისი თქმით, თუ მეორე მხარეს იქნებიან ოპოზიციური პარტიები და ისინი კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დააყენებენ, ის მას ხმას არ მისცემს, რადგან არ თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისთვის მისაღები პრემიერ-მინისტრი იქნება.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარტიას „ერთიანი საქართველო“ მისცა რეალური შანსი, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან სერიოზული მონაწილეობა მიიღოს და მასზე ზეგავლენა მოახდინოს.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა სხვა კანდიდატი, ვისზეც შეუძლია, იგივე თქვას, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ზოგი მოსწონს და ზოგი არა, დანარჩენების მიმართ ასეთი რადიკალური მიუღებლობა არ აქვს.

„იმიტომ, რომ ახლა უკვე, პარლამენტში რამდენიმე ადამიანის ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც წინა საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ანუ, იქნებოდი რამდენიმე კაცი და შენი ხმა პრაქტიკულად, არაფერს გადაწყვეტდა“, – განაცხადა  ნინო ბურჯანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად