ნინო ბურჯანაძე: პრემიერად მიშას მხარს არ დავუჭერ, ვაშაძეზე ფიქრი შეიძლება… როცა ბურჯანაძე გყავს სხვებზე საუბარი მეორე ეტაპია

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილის საპრემიერო კანდიდატურას მხარი დაუჭიროს, თუმცა გიორგი ვაშაძის მხარდაჭერას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ რაღაც პროცენტით ფიქრი შეიძლება.

ეს განცხადება ბურჯანაძე “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსისაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ აქცენტი გამოცდილ ლიდერზე უნდა გაკეთდეს და ამბობს, რომ როდესაც თავად არის პოლიტიკაში სხვებზე საუბარი მეორე ეტაპი უნდა იყოს, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს მისი პარტიის ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

_ თქვით, რომ პრემიერობის კანდიდატად სააკაშვილს მხარს არ დაუჭერთ. რას ფიქრობთ სხვა კანდიდატებზე. მაგალითად, ვაშაძე, რომელიც ასევე დასახელებულია, მას დაუჭერთ მხარს?

_ გიორგი ვაშაძე ნამდვილად მონდომებული ახალგაზრდა კაცია, საქმის კეთებაც იცის და ძალიან ენერგიულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია. ჩვენ ერთხელ უკვე ვიწვნიეთ, როდესაც ძალიან ენერგიული და ენთუზიაზმით აღსავსე, მაგრამ გამოუცდელი ახალგაზრდები მოვედით ხელისუფლებაში 2003 წელს.

არ ვიცი. არ მინდა რადიკალურად ვინმეზე ვთქვა კი ან არა, გარდა სააკაშვილისა. იმედია მერაბიშვილს და ადეიშვილს არავინ დააყენებს კანდიდატურად, მაგრამ… სააკაშვილი გამორიცხულია, დანარჩენებზე, მათ შორის ვაშაძეზეც რაღაცა პროცენტით ფიქრი შეიძლება, თუმცა მიმაჩნია, რომ ქვეყანას სჭირდება ძალიან გამოცდილი ლიდერი და ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. არავინ არ იცის. ჩემი ამომრჩეველი იქნება ძალიან აქტიური და მომაპოვებინებს ძალიან ბევრ ხმას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მინისტრთა კაბინეტის და პრემიერის განხილვასთან დაკავშირებით თუ სხვისი ამომრჩეველი.

_ იგივე ბაქრაძეზე ან ბოკერიაზე რას ფიქრობთ?

_ მე საერთოდ მიმაჩნია, რომ მე ჩემ კანდიდატურაზე უნდა ვილაპარაკო და არა სხვების კანდიდატურაზე. მე საერთოდ მგონია, რომ როდესაც ბურჯანაძე გყავს პოლიტიკაში, სხვა კანდიდატებზე ლაპარაკი მეორე ეტაპია. იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება გამოცდილი და ავტორიტეტული ლიდერი, მაგრამ მოდით ვაცადოთ საზოგადოებას, ვის რამდენ ხმას მისცემენ. ბოკერია პრემიერობის კანდიდატად თავისი პარტიის მხრიდანაც კი არ განიხილება და მე და თქვენ რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე?! შევხედოთ, როგორ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი და შევხედოთ რა რეალობა იქნება. მე არ გამოვრიცხავ, რომ თუ აბსოლუტურად მიუღებელი იქნება ჩემთვის ესა თუ ის კანდიდატურა და ჩავთვალე, რომ არავის არ უნდა დავუჭირო მხარი, შეიძლება არც არავის დავუჭირო.

_ ანუ პრემიერად თქვენი კანდიდატურის დაყენებასაც აპირებთ?

_ ამ წუთში არ ვაპირებ. ჯერჯერობით პარლამენტში სერიოზული ხმების მოპოვებას ვაპირებ. ჯერ პრემიერობაზე ლაპარაკი არასერიოზულია. ამიტომ ვამბობ, რომ ახალგაზრდობა და ენთუზიაზმი კარგია, მაგრამ პოლიტიკაში სიჩქარე არ ვარგა. ჯერ ადრეა პრემიერ-მინისტრობაზე ლაპარაკი, როდესაც ჯერ არ ჩამოყალიბებულა საზოგადოებრივი აზრი პარლამენტთან დაკავშირებით. შესაძლოა პარტიებს შიგნით ამაზე საუბარი იყოს, მაგრამ ოპოზიციურ საპრემიერო კანდიდატზე საუბარი ჯერ ნაადრევი და არასწორია. მოდით, ჯერ პარლამენტი ავირჩიოთ და მერე ვილაპარაკოთ პრემიერობის კანდიდატებზე. ხალხი ერთიან კანდიდატს არც ითხოვს, იმიტომ რომ ადამიანებს ესმით, რომ ეს არ არის ერთი ბლოკი და ზოგადად დემოკრატიულ ქვეყნებში ჯერ პარლამენტი აირჩევა, მერე კოალიცია დგება და მერე ხდება პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებზე შეთანხმება. ჩვენც დავემსგავსოთ თანდათან ცივილიზებულ ქვეყანას.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად