ნინო ბურჯანაძე: მთელი საქართველო რომ ერთად დავდგეთ და ოკუპანტი-ოკუპანტი ვიყვიროთ, ბორდერიზაცია შეწყდება?!

“თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთი აცრები გამიკეთა ნებისმიერ ცილისწამებასა და მტკივნეულ თემებზე, რომ ახლა აღარ მიჭირს ხოლმე ბევრი რამის გადატანა”.

ასე უპასუხა პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს მისთვის ის, რომ მეინსტრიმ მედია თუ პოლიტიკური სპექტრი მუდმივად ცდილობს, მისგან მიიღოს ვლადიმერ პუტინის შეფასება, როგორც ოკუპანტის, დამნაშავის და ა.შ.

„ამას ასე ვთქვათ, საკმაოდ მშვიდად ვუყურებ. იმდენჯერ ვთქვი და ვუპასუხე ყველა ამ შეკითხვას, მათ შორის, იმას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, თუ როგორ არის და ა.შ, რომ უკვე უბრალოდ, მგონია, ამაზე კითხვების დასმა ხელოვნურია, მაგრამ ყველაზე მეტად იცით, რა მაწუხებს? – ამ თვალსაზრისით ათი წლის წინ სადაც ვიყავით, დღესაც იქ ვართ. კარგი, მთელი საქართველო რომ ერთად დავდგეთ და ოკუპანტი-ოკუპანტი ვიყვიროთ, რუსეთი ერთი სანტიმეტრით გადაიწევს უკან, ან ბორდერიზაცია შეწყდება?! ლამაზი ე.წ. „კარწინკა“ შეიძლება, დავდგათ და ა.შ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გავხდეთ შედეგზე ორიენტირებული?! მე ვარ შედეგზე ორიენტირებული. ვიცი, რომ ვერავინ, დედამიწაზე ვერც ერთი ძალა რუსეთს ძალით ვერ გააკეთებინებს იმას, რისი გაკეთებაც არ უნდა“, – განაცხადა ნინო  ბურჯანაძემ.

„ხანდახან, მთელი მსოფლიო დგას ერთ მხარეს და მეორე მხარეს დგას რუსეთი, მაგრამ რუსეთი უკან ერთ ნაბიჯს არ გადადგამს. კარგი, დაუწესეს მილიონი სანქცია, მაგრამ დაიხია ერთი ნაბიჯით უკან?! არა, მაგრამ ერთადერთი შანსი არსებობს, რომ მოლაპარაკების, ინტერესთა თანხვედრის გზით შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელიც მისაღები იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რაღაც ფორმით რუსეთისთვისაც, რომ მან ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც საქართველოს აწყობს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად