ნინო ბურჯანაძე: ერთიანი სიის იდეა ჩაშალა მიშას სურვილმა, რომ თავად ყოფილიყო მისი ლოკომოტივი

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული იდეა ერთიანი სიის თაობაზე სწორია, რომ არა ერთი გარემოება. ამ ერთ გარემოებად ბურჯანაძე სააკაშვილის ფაქტორს ასახელებს.

ბურჯანაძე აქვე ამბობს, რომ მისთვის ამის შესახებ წინასწარ ცნობილი არ იყო, რადგან სააკაშვილი მას სხვადასხვა საკითხებს მაშინაც კი არ უთანხმებდა, როდესაც ერთად იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა ასევე არ შეუთანხმებს თავისი გუნდის წევრებს.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუდან ამ მონაკვეთს:

_ თქვენთვის იყო ცნობილი, რაზეც სააკაშვილი საუბრობდა, რომ მას სურდა ერთიანი სია ყოფილიყო. თქვენი თანდასწრებით ამაზე თუ ყოფილა საუბარი?

_ რა თქმა უნდა წინასწარ არა. სააკაშვილი წინასწარ მაშინ არ მითანხმებდა რაღაცებს, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი და ახლა თავისი პარტიის წევრებს არ უთანხმებს და ბუნებრივია, არც შემითანხმებდა და არც მაქვს ამის არც სურვილი და არც პრეტენზია. შემდეგ როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, მე ჩემი პოზიცია მქონდა. რომ არა თავად სააკაშვილის ფაქტორი, ეს იდეა რა თქმა უნდა კარგი და სწორი იყო. მე ინტერვიუს დასაწყისშიც ვთქვი, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი გარღვევა და ივანიშვილს არჩევნების მოგების შანსი არ ექნებოდა. მთავარი აქ იყო სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი იყო. იცით, რომ მე არასოდეს არ გავაკეთებ იმას, რომ ოღონდ ბიძინა წავიდეს და ამით თუნდაც 1%-ით დავუშვა მიშას მობრუნების შანსი.

_ თუმცა, როდესაც პარტიებს შორის განსხვავებებზე საუბრობთ, ერთიანი სიის შემთხვევაში როგორ მოხდებოდა ეს?

_ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიულობა ზუსტად განსხვავებულობას ნიშნავს. ვინც ჩემსავით ფიქრობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ან ჩემ პარტიაშია, ან ჩემი მომხრეები არიან. ზუსტად, რომ განსხვავებულია ადამიანების ხედვა, სწორედ მაგიტომ ქმნიან სხვა პარტიას ან სხვა პარტიას უჭერენ მხარს. როდესაც ვსაუბრობთ ბლოკზე, ეს იქნებოდა განსხვავებულთა ერთობა და ეს იქნებოდა დროებითი ერთობა. გახსოვთ, რომ ჩვენ ვამბობდით, რომ თუ ასეთი რამე მოხდება, მაშინ პრაქტიკულად 6 თვეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო და შემდეგ მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ ინდივიდუალურად ხმების მოპოვება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიშას სურვილმა, რომ ამ იდეის ლოკომოტივი ყოფილიყო თვითონ და „ნაციონალური მოძრაობა“ ეს იდეა ჩაშალა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად