ნინო ბურჯანაძე: ერთადერთი ვარ, ვინც თანამდებობაზე უარი თავისი ნებით თქვა, სააკაშვილი დარჩენას მეხვეწებოდა

ერთადერთი ვარ, ვინც თანამდებობაზე უარი თავისი ნებით თქვა, სააკაშვილი დარჩენას მეხვეწებოდა, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა კითხვაზე – საგარეო საქმეთა მინისტრობაზე ხომ არ უსაუბრია.

როგორც ბურჯანაძე ამბობს, მას არცერთ თანამდებობაზე არ უფიქრია და მას თანამდებობები არ უკვირს. აქვე ბურჯანაძე კითხულობს, ის რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელი იყოს, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

“არა. არცერთ მინისტრობაზე არ მიფიქრია სიმართლე რომ გითხრათ. მერე მაინტერესებს, პრემიერ-მინისტრი ვინ უნდა იყოს, ბურჯანაძე რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყოს?! ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. არ მიფიქრია კონკრეტულ თანამდებობაზე. ჯერ მთავარია, რომ პარლამენტში მქონდეს სერიოზული მანდატი. მე თანამდებობები არ მიკვირს. საქართველოში ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის სავარძელი ნებაყოფლობით დავტოვე. მეტი პრეცენდენტი საქართველოში არ არის. ახლა ბიძინა ივანიშვილს ნუ შემადარებთ, მას არ დაუტოვებია პრემიერობა, ის დარჩა პრემიერადაც, პრეზიდენტადაც, პარლამენტის თავმჯდომარედაც და ა. შ.

მე მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მეხვეწებოდა დარჩენას, წამოვედი უმაღლესი თანამდებობიდან, როდესაც მივხვდი, რომ ისე არ კეთდებოდა საქმე, როგორც მე მიმაჩნდა სწორად და მე ამას ხელს ვერ ვუშლიდი. ამიტომ, მე ვიცი რა სჭირდება ამ ქვეყანას.

ამირჩევენ? – გავაკეთებ. ნაკლები ხმებით ამირჩევენ? – არ მექნება ზეგავლენა პოლიტიკაზე და მომიწევს ისევ ბრიფინგის ჩატარება – ხომ გეუბნებოდით, არ დამიჯერეთ და ახლა გაიხსენეთ რომ სწორს გეუბნებოდითო. სჯობს, არ მომიწიოს ამის თქმა. მომცენ მანდატი, რათა რადიკალური ცვლილებები გავატარო ქვეყანაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად