ნინო ბურჯანაძე: ეკონომიკური კრიზისის საშიშროებაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება

მთავრობას ეკონომიკური კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით, რომელიც გველოდება, არანაირი ინფორმაცია არ წარმოუდგენია, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმა ამ მიმართულებით და ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

“მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ეს არის გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი. ჩვენ მთავრობას არ წარმოუდგენია არცერთი, თუნდაც მცირე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რას აპირებს ის ეკონომიკური თვალსაზრისით, რას აპირებს ის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. მესმის, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვიცი რა რთულია მუშაობა, როდესაც ასეთი ვითარებაა ქვეყანაში, მაგრამ არ შეიძლება თვალის დახუჭვა ეკონომიკური კრიზისის საშიშროებაზე. იმიტომ, რომ ეს კრიზისი შეიძლება ისეთი მძიმე აღმოჩნდეს, რომ არანაკლებ დააზარალოს ჩვენი ქვეყანა, ვიდრე კორონავირუსმა.

ვიცი, რომ ბიუჯეტის ცვლილებები მზადდება. იმედი მაქვს, რომ სერიოზული იქნება დაფინანსება იმ ადამიანებისა, ვინც სერიოზულად დაზარალდნენ. გასაგებია, რომ შესაძლოა ჩვენმა მთავრობამ ვერ გააკეთოს ის, რაც გააკეთა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, რომელმაც გამოაცხადა, რომ ყველას ხელფასის 80% დაიფარება საჯარო და კერძო სამსახურში. მაგრამ, ადამიანებს გარკვეული ნაწილი მაინც უნდა მიეცეს კომპენსაციის სახით. ამავდროულად ადამიანებს უნდა გადაუვადდეთ ის კომუნალური გადასახადები, რომელიც ახლა ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყანას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად