ნინო ბურჯანაძე: დავით გარეჯის საქმეზე სამიზნე სავარაუდოდ, ბოკერია და სააკაშვილია

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების სამიზნე არის გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა და აღნიშნა, რომ
ზოგადად ამ თემის კონტექსტი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და უსინდისო.

„ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დაისჯება, არ დაისჯება, ციხეში იქნება, თუ არ იქნება, ეს ხელისუფლებისთვის სამიზნე და ამოცანა ვერ იქნებოდა. ფაქტია, რომ რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ. ამ სიტუაციაში ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროების საბჭო, პრეზიდენტი და პარლამენტი, როგორც კოლექტიური ორგანო. პარლამენტს, როგორც კოლექტიურ ორგანოს რამეს ალბათ, ვერ დააბრალებდნენ. საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი მათი სამიზნე არ არის. ალბათ, სავარაუდოდ, ბოკერია, სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება საზრდოობს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „რა ცუდია წინა ხელისუფლება“. ანუ, ჩვენ რა კარგი ვართ და რა კარგ რამეებს ვაკეთებთო კი არა, ისინი იყვნენ ცუდებიო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ ეს იყო მთავარი სამიზნე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად