ნინო ბურჯანაძე: არ დავუძახებ რუსეთს ოკუპანტს

"პუტინი არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი. ის მოქმედებს საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", – ამის შესახებ "გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"პუტინი არის ძალიან დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები არც არავის მტრები და არც არავის მეგობრები არიან. პოლიტიკოსები მოქმედებენ საკუთარი სახელწმიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

პუტინი არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი. ის მოქმედებს საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს ამოცანაა, რომ პუტინი არ იყოს იძულებული საქართველოს მოექცეს, როგორც მტერს. ჩვენი ამოცანაა, რომ მტერიც და მოყვარეც ჩვენს მოყვარედ გადავაქციოთ.

ჩვენი ამოცანაა, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ საქართველო არ არის რუსეთის მტერი. საქართველოსგან რუსეთს საფრთხე არ ემუქრება და მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა ჩვენთან თანასწორი პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის სურვილი გამოთქვას.

არ დავუძახებ რუსეთს ოკუპანტს, რადგან მიმაჩნია, რომ არასწორი განმარტებაა, როცა მოლაპარაკება გინდა ქვეყანასთან. ჩემი ამოცანა ის კი არ არის, რუსეთს ოკუპანტი ვეძახო, ჩემი ამოცანაა, რუსული ჯარი, რომელიც უკანონოდ დგას საქართველოს ტერიტორიაზე, გავიყვანო.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც რუსეთის ჯარების გაყვანაზე ვლაპარაკობთ, ხოლო დანარჩენები საუბრობენ სხვა ჯარების შემოყვანაზე", – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

კომენტარები
იტვირთება...