ნიკოლოზ ვაშაკიძე: საპარლამენტო არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოვიგოთ!

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე 2019 წლის 19 მაისს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებს და ვრცელ მოსაზრებას აქვეყნებს.

“მინდა ჩემს წინა პოსტს, რომელმაც გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, ერთი დამატება გავუკეთო. როცა საპრეზიდენტო არჩევნები მოგვპარეს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მეორე დღესვე მოაწყო დიდი შეკრება ფილარმონიაში და შემდეგ დღეს დიდი საპროტესტო აქცია დააანონსა. რაოდენობა გახსოვთ. საიდუმლო არაა, რომ იქ დიდი რაოდენობით მოვიდა უშუალოდ პოლიტიკური აქტივი. ახლა, ამის გათვალისწინებით, განსაზღვრეთ თუ რამდენი იყო აქციაზე მოსული მოწოდებას გამოხმაურებული ჩვეულებრივი მოქალაქე. ეს მაშინ, როცა მინიმუმ 800 ათასმა ხმა მისცა ოპოზიციას. იმ მომენტში ოპოზიციის პასიურობაში დადანაშაულება უბრალოდ უსამართლო იქნებოდა. დასკვნა: თავად მოსახლეობა, მიუხედავად დიდი უკმაყოფილებისა, ქუჩის აქციებს მაინცდამაინც არ წყალობს.

იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლება არ აღიზიანებთ, ალბათ იმიტომ, რომ პროტესტის ამ ფორმის მიმართ დაუგროვდათ გარკვეული დაღლა და აპათია. ასევე, იმიტომ, რომ არც საპრეზიდენტო და არც შუალედური არჩევნების ფონზე აგორებული პროტესტი არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად, რადგან ხელისუფლების რეალურ ცვლასთან ამ არჩევნების კონტექსტში არ გვაქვს საქმე. რა მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ეს სხვა საკითხია. შესასწავლი და გასარკვევი. მანამდე კი დიდი ალბათობით, თავად მოსახლეობის ამ განწყობის შედეგად ჩაფლავებაზე განწირული მასობრივი აქციის აგორების მცდელობა და ამისკენ მოწოდება, მე მაპატიეთ და, უფრო არასერიუზოლობას და უპასუხისმგებლობას ჰგავს, რადგან ეს ოპოზიციის დისკრედიტაციას და ხალხში აპათიის გაღრმავებას გამოიწვევს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ თავად ფბ-ში ამისკენ მომწოდებელი ხალხი დიდად გამოიდებს თავს. ასეთია რეალობა და ამიტომ ვურჩიე ამ ხალხს თვითონ სცადონ.

ამ ეტაპზე კი აუცილებელია, ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის ღრმა ანალიზი, გადახალისება და ახალი ფორმების მოძებნა. პირველ რიგში, ოპოზიციისა და ამომრჩევლის ინტერაქციის გაზრდით და ისეთი პოლიტიკური პლატფორმის შექმნით, რომელიც მსურველ მრავალ ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ ჩაერთონ პროცესში. პოლიტიკური რიტორიკა უფრო მეტიშინაარსით არის დასატვირთი, რომ ხალხმა ნათლად დაინახოს რა არის შემოთავაზება, ივანიშვილის რეჟიმის გაგდების გარდა. მითუმეტეს, რომ ასეთი საინტერესო გეგმები მართლა არსებობს.

ერთი სიტყვით, საპარლამენტო არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოვიგოთ, მოვიგოთ ხალხთან ერთად და ამ პერიოდში უნდა შეიქმნას საყოველთაო განცდა, რომ ამ არჩევნების მოპარვას ხალხი არ გაატარებს. და ეს იმპულსი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებიდან, არამედ, მთელი მოსახლეობიდან უნდა მოდიოდეს. ეს არის გასაკეთებელი, ეს გაკეთებადია და ასეთ შემთხვევაში გამარჯვება გარდაუვალი იქნება უშუალოდ არჩევნებით თუ არჩევნების შემდგომი ხალხის მასობრივი საპროტესტო ნების გამოხატვით!”-წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2019 წლის 19 მაისს, საქართველოს 410 საარჩევნო უბანზე შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები შედეგები საარჩევნო ოლქების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქ: 2019 წლის 19 მაისის თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...