ნიკოლოზ ყიფშიძე: ხომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გადავადდეს, იქნებ გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში

“წნევის პრობლემები ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში. დღეს ვერავითარ პროგნოზს ვერ მოგცემთ ნევროლოგიასთან დაკავშირებით. კვება დაიწყო, ნორმალურად წავიდა ეს პროცესი, მაგრამ არ ვიცით, რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპოტალიში მისი მონახულების შემდე გმედიასთან განაცხადა.

„პრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს, ძალიან მოეწონა მისი სტაფი, კომფორტულად გრძნობს თავს. მინდა, აგიხსნათ ორი სიტყვით, მე რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, ასეთი ავადმყოფის მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო, ან სხვა, შეუძლებელია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. ვერ გეტყვით, ერთი თვე, სამი თვე. ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება, კოლეგები არ დამეთანხმონ, მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს მივცემდი უფლებას მკურნალობის ციხეების გარეთ. თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. იურისტი არ ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი არ ვარ, არასდროს ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის წევრიც. ეს ჩემი გულწრფელი აზრია.

მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს, რომ თქვენ ავადმყოფს უმკურნალეთ. აქ არის სტრესი, ბევრი პრობლემა. ჩემი აზრი ასეთია. შეიძლება ვინმეს მოეწონოს, ვინმეს არა. ეს განცხადება, რასაც ვაკეთებ, პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება, გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, შეუძლებელია ასე გაგრძელება. რამდენი ხანი უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე. კლინიკაში უნდა გააგრძელოს თავისუფლად მკურნალობა. უნდა მისცე ადამიანს საშუალება, თავად გადაწყვიტოს, სად, ვისთან როგორ იმკურნალოს. ის პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს გადავადდეს. არ ვიცი ეს იურიდიული საკითხები. ხომ შეიძლება, ადამიანი გაუშვათ, დიახ, ვითხოვ, რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას, რადგან ეს დღეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში, თუ გინდათ, ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ, ასე იქნება.

რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, იმას არ ნიშნავს, რომ მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი, მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოსი, ფილტვის, თავის ტვინის, ღვიძლის. შემომაქვს ასეთი კითხვა, იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კომენტარები
იტვირთება...