A1 ბანერი

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე როტერდამში კორეელი ჰიონ ჩუნგი იქნება

როტერდამში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ATP 500 სერიის ტურნირის ძირითადი ბადის კენჭისყრა გაიმართა.

დახურულ დარბაზში, ჰარდის საფარიან კორტზე, როტერდამის ATP 500 სერიის ტურნირის მოსაგებად ჩასულ ჩოგბურთელთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე იაპონელი კეი ნიშიკორი პირველ ნომრად არის განთესილი.

განთესილები არიან აგრეთვე: რუსი კარენ ხაჩანოვი (2), ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3), კანადელი მილოშ რაონიჩი (4), რუსი დანიილ მედვედევი (5), ფრანგი ლუკას პუილი (6), გერმანელი დავიდ გოფენი(8).

განთესილთა შორის მე-7 ნომრად მყოფმა ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა უკანასკნელ მომენტში ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა მის ადგილზე ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მოხვდა

ტურნირის მონაწილეთა შორის არიან აგრეთვე ჩვენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, კანადელი დენის შაპოვალოვი, ესპანელი ფერნანდო ვერდასკო, გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი, ფრანგები გაელ მონფილსი, ჯერემი ჩარდი და პიერ ჰუგეს ჰერბერტი, სლოვაკი მარტინ კლიჟანი, იტალიელი ანდრეას სეპი, ჩეხი ტომას ბერდიხი და სხვები.

კენჭისყრამ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 1820 ქულით მე-20 ადგილს იკავებს, პირველ მეტოქედ კორეელი ჰიონ ჩუნგი (N51, 910 ქულა) არგუნა. მათ შორის გამარჯვებული მეთექვსმეტედფინალში მარტინ კლიჟანს და უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ მარტონ ფუქსოვიჩი დღეს სოფიის ტურნირის ფინალურ მატჩს ითამაშებს როტერდამის ტურნირის მონაწილე რუს დანიილ მედვედევთან.

როტერდამის ტურნირი ATP 500 სერიიდანა და მასში გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას შემატებს საკუთარ აქტივს. ფინალში გასვლა 300 სარეიტინგო ქულას იძლევა, ნახევარფინალში, მეოთხედფინალში, მერვედფინალში გასვლა კი – შესაბამისად, 180, 90 და 45 ქულას.

როტერდამის ტურნირის ფულადი პრიზები ასეთი:

გამარჯვებული – 405 030 €
ფინალისტი – 203 420 €
ნახევარფინალისტები – 102 635 €
მეოთხედფინალისტები – 53 940 €
მერვედფინალისტები – 26 960 €
მეთექვსმეტედფინალისტები – 14 915 €

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...