ნიკოლოზ ბასილაშვილი: ვწუხვარ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო

“ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე”-ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

” ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაბზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ.”- წერს ბასილაშვილი.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკუტურატურის შუამდგომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

“აიპრესი” ვერ დაუკავშირდა ნეკა დოროყაშვილს, ამიტომ გთავაზობთ კომენტარს, რომელიც “რუსთავი 2”- თან გააკეთა.

“ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი,” – აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად