ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ შეხვედრას სერბ დუშან ლაიოვიჩთან გამართავს

ზეგ, 5 აგვისტოს, კანადის ქალაქ ტორონტოში, ჩოგბურთელები როჯერის თასად წოდებულ ATP Masters 1000 Canada-ს გათამაშებაში ჩაერთვებიან.

შეჯიბრებაში მსოფლიო რეიტინგის პირველი 20 ნომრიდან მხოლოდ სამი – ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი და ხუან მარტინ დელ პოტრო არ მონაწილეობს.

მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-17 ადგილზე (1975 ქულა) მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრძოლაში ოცდამეთორმეტედფინალიდან ჩაებმება. მისი მეტოქე სერბი დუშან ლაიოვიჩია (N27, 1456 ქულა). აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან სამში, ორჯერ 2016 წელს და ერთხელ შარშან, ბასილაშვილმა იმარჯვა, ხოლო ერთხელ, სულ ბოლოს, 2018 წლის ივლისში, ლაიოვიჩმა.

მათგან მეთექვსმეტედფინალში გასული იან ლენარდ შტრუფს (გერმანია, N34, 1265 ქულა) და ჟო-ვილფრიდ ცონგას (საფრანგეთი, N60, 905 ქულა) შორის გამარჯვებულს შეხვდება, მერვედფინალში კი ერთ-ერთს სამიდან: ალექსანდრე ზვერევი (გერმანია, N7, 4005 ქულა), მარტონ ფუქსოვიჩი (უნგრეთი, N55, 965 ქულა), კემერონ ნორი (დიდი ბრიტანეთი, N62, 880 ქულა).

ATP Masters 1000 Canada-ზე დაწესებული ფულადი პრიზები და სარეიტინგო ქულები:

გამარჯვებული – 1 049 040 დოლარი, 1 000 ქულა;
ფინალისტი – 531 010 დოლარი, 600 ქულა;
ნახევარფინალისტი – 272 365 დოლარი, 360 ქულა;
მეოთხედფინალისტი – 140 385 დოლარი, 180 ქულა;
მერვედფინალისტი – 70 325 დოლარი, 90 ქულა;
მეთექვსმეტედფინალისტი – 36 830 დოლარი, 45 ქულა;
ოცდამეთორმეტედფინალისტი – 20 755 დოლარი, 10 ქულა

რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეზობლად მყოფთაგან წინმდგომს, ხორვატ მარინ ჩილიჩს, 2030 ქულა აქვს, ხოლო მომდევნოს, კანადელ მილოშ რაონიკს, 1810 ქულა.

ავტორი: რაულ კაპანაძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად